”ნაციონალურ მოძრაობაში” არ არის პარტიის გაყოფის სურვილი, უბრალოდ არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, თეორიულად პარტიის გაყოფის ალბათობა არის, თუმცა ამის სურვილი პარტიის წევრებს არ აქვთ. ამასთან, გიგი წერეთლის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში ხშირად ყოფილა, თუმცა ეს დაძლეულა. რაც შეეხება პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმას და პარტიის თვმჯდომარის საკითხს, გიგი წერეთელის თქმით, ეს ყველაფერი გადაწყდება პარტიის ყრილობაზე, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.
””ნაციონალური მოძრაობა” სერიოზულ სტადიაშია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ანალიზი, თუ რა მოხდა არჩევნებზე და როგორ დავიწყოთ სამომავლო მუშაობა. ამაში მოიაზრება პარტიის მართვაც. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ეს ყველაფერი გადაწყდება ყრილობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ იქნება პარტიის მართვა, ვინ იქნება თავმჯდომარე და იქნება თუ არა თავმჯდომარე. რა ფუნქციები ექნება მას, ყრილობაზე გადაწყდება. მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, მას ბრძოლის ახალი ეტაპი აქვს უკრაინაში. ის კიდევ უფრო მძლავრად დაიწყებს ოპოზიციურ საქმიანობას. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ბოლო წლების განმავლობაში იგეგმება და ვერ ჩამოდის საქართველოში და ბუნებრივია ვერ ასრულებს თავმჯდომარის ფუნქციას. ჩვენ პოლიტსაბჭოს ფორმატით ვმუშაობთ. შესაბამისად ყრილობა გადაწყვეტს აირჩევენ თუ არა ახალ თავმჯდომარეს. ყრილობას ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე გაიმართება, მანამდე, დაახლოებით დეკემბრის პირველ რიცხვამდე, ჩვენ ვეცდებით დავდოთ ანალიზი არჩევნებზე და დავდოთ სქემა სამოქმედო”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.