„ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე - ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეარყევს

„ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე - ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეარყევს

ჩვენთვის ნაკლებად ეცლება ამერიკას, ამიტომ ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დოლანდ ტრამპის გამარჯვებით საქართველო-ამერიკის ურთიერთობა შეირყევა. 
”საქართველოში ალბათ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ვარ, ვინც ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპი გაიმარჯვებდა, რადგან ის სისტემა, რომელიც არსებობს დღეს, ფინანსური, დღეს არ დაწყებულა, დაიწყო გუშინ და გუშინწინ. აქ საქმე არ არის, რომ არჩევნები მიმდინარეობს „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის, უბრალოდ, ეს არის ბანკირებისა და რეალური ეკონომიკის დაპირისპირება. ამერიკამ რეალურ ეკონომიკას დაუჭირა მხარი”, - განაცხადა ჭიჭინაძემ. 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დაიბრუნებს იმ სახეს, რაც 70-იან წლებში ჰქონდა. ეს იყო საამაყო, ძლიერი და აყვავებული ქვეყანა. ობამამ პრაქტიკულად ამერიკის ვალი გააორმაგა. 

დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ჩვენთან მიმართებაში უნდა გავიხსენოთ კარგად, თუ რას ამბობს დონალდ ტრამპი, რომ უნდა აშენდეს დიდი ამერიკა. დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, ამერიკას ჩვენთვის ნაკლებად ეცლება და ჩვენ თავს უნდა მივცედოთ ჩვენ თვითონ. 

”ალბათ, ევროპასთან უნდა გავამყაროთ ურთიერთობები, თუმცა ევროპაშიც არის მოძრაობები, მათ ევროსკეპტიკოსები ჰქვია. ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი სტიმული იქნება ევროსკეპტიკოსებისთვის”, - აღნიშნა ჭიჭინაძემ. 

კითხვაზე, შეირყევა თუ არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ჭიჭინაძე აცხადებს: „დიახ, ამ ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეარყევს“.