მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს აშშ-ს ორივე პარტიის მხარდაჭერა

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს აშშ-ს ორივე პარტიის მხარდაჭერა

ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისი თქმით, ის შედეგი რა შედეგიც დადგება იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი. 

„ის შედეგი რაც დადგება იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი. ჩვენ რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხის არჩევანს ვგულშემატკივრობთ. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 2017 წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ემყარებოდა ურთიერთინტერესების გათვალისწინებას და ურთიერთსარგებლიანობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს. 

„ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მოვიწვევთ თუ არა საქართველოში ამერიკის ახალ პრეზიდენტს, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ჩვენთვის ყველა მაღალი დონის ვიზიტი აშშ-დან ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ჩვენთვის ყველა მაღალი დონის ვიზიტი აშშ-დან ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. ჩვენი მიზანია, რომ მაღალი დონის ვიზიტი რაც შეიძლება ხშირად გაიმართოს და პრეზიდენტის ვიზიტიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს ვიზიტი დაიგეგმება და განხორციელდება“, - განაცხადა ჯანელიძემ.