ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ პრაქტიკულად - მსოფლიოს არაფორმალური ლიდერის არჩევნები, რადგან ამერიკის პოლიტიკა გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს და ვინ გაიმარჯვებს, ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ტრადიციულად, ერთი პარტია უფრო მეტად ქვეყნის შიდა პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, მეორე კი - უფრო მეტად, აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. თუმცა მთლიანობაში, ამერიკის პოლიტიკა არ იცვლება და ერთი მიმართულებით მოძრაობს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ჩვენს რეგიონთან და კონკრეტულად, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკა შეიცვლება. საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისეთივე მეგობრული დარჩება, როგორიც დღეს არის. თუმცა, საქართველოზე სერიოზულ გავლენას იქონიებს მომავალი ადმინისტრაციის მიერ ჩვენი მეზობლების მიმართ გატარებული პოლიტიკა“ , - განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში იმის გამეორებას ცდილობს, რაც საქართველოში გააკეთა.
„სააკაშვილმა ბრძოლა დაიწყო თავისი მამობილის, შევარდნაძის წინააღმდეგ, რომელმაც ის შეიფარა და გაზარდა. ახლა კი ბრძოლა დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე ქვეყნიდან გაქცეული სააკაშვილი შეიფარა, მოქალაქეობა მისცა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონი ჩააბარა. ის საქართველოშიც დამარცხდა და უკრაინაშიც. სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოზე ფიქრში ათენ-აღამებდა, მაგრამ როცა აქ მარცხი განიცადა და საკუთარმა პარტიამაც უგანა, ახლა დაიწყო საუბარი, რომ ის უკრაინელია და საქართველო აღარ აინტერესებს. ეს მისი სტილია და ქართული თუ უკრაინული საზოგადოება დარწმუნდა, საქმე რამდენად არასერიოზულ ადამიანთან აქვთ“, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა დაინახა, რომ პოროშენკო მას, როგორც ხელმოცარულ პოლიტიკოსს მალე გაუშვებდა და მან უბრალოდ დაასწრო.
„უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილის მიერ რეფორმებზე საუბარი ტყუილი ბაქი-ბუქი იყო და ის არაფრის გარდამქმნელი არ იყო. სააკაშვილს უკრაინაში არავინ გააკეთებინებდა იმას, რასაც საქართველოში აკეთებდა, როცა მოქალაქეებზე ძალადობდა. საქართველოში გასავალი ჰქონდა შოუებს, რომელსაც დგამდა, რადგან მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო კონცენტრირებული და რაღაც ეტაპზე, დასავლეთში და ჩვენს საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა არსებობდა, მაგრამ ამ პირობებშიც კი, მან ერთი პრეზიდენტობის ვადაც ვერ გაძლო და ისე იქცეოდა, პრეზიდენტობის მეოთხე წელს იძულებული გახდა, გადამდგარიყო. უკრაინაში ეს ყველაფერი გაცილებით ჩქარა მოხდა, რადგან იქ სხვა ვითარება იყო და თან, უკრაინელ ხალხს საქართველოს მაგალითი ჰქონდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.