სანამ შენ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას აართმევ, კარგად უნდა აუხსნა, ამას რატომ აკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვლის თქმით, მართლაც უცნაური იყო, რომ მეორე ტური დანიშნულიც არ იყო, როდესაც დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თურმე კონსტიტუცია შესაცვლელია და პრობლემას წარმოადგენს პრეზიდენტის არჩევის პრაქტიკა, რომელიც ასეთი ბუნებრივია ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.
„ის, რა ფუნქციები, უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს, სხვა თემაა, მაგრამ არჩევის პრაქტიკა თანამედროვე ქართული პოლიტიკური რეალობის, ფაქტობრივად, თანამდევი და ერთ-ერთი ყველაზე დაფუძნებული, ტრადიციული პოლიტიკური გამოცდილებაა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი სისტემა არსებობს - ზოგიერთი ქვეყანა თავიდან ბოლომდე საპარლამენტოა, ზოგი - სუპერ საპრეზიდენტო, საპრეზიდენტო, ნახევრადსაპრეზიდენტო, საპრემიერო და ა.შ. „ყველა ეს სისტემა, არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებებში და ისინი ფუნქციონირებენ დემოკრატიულად“.
„საქმე ის კი არაა, რომ რომელიმე სისტემა აღიარებულია არადემოკრატიულად, არამედ კითხვის ნიშანი ისმება იმასთან დაკავშირებით - რა აუცილებლობას წარმოადგენს ესა თუ ის ცვლილება? შეიძლება ძალიან კარგი იდეა გქონდეთ, მაგრამ თუ ის აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, რატომ აპირებთ ამა თუ იმ რაღაცის გაკეთებას. წარმოიდგინეთ, რომ სახლში ერთი კედლის დანგრევა და მეორის აშენება გადაწყვიტეთ, შეიძლება კარგი იდეაა, სხვა სახლებში ასეა, მაგრამ თქვენ კონკრეტულად რაში გჭირდებათ. ეს ტენდენცია და მოტივაცია როდესაც გაჩნდა, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, ბუნებრივად გამოჩნდა, რომ ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. ეს იდეა არ არის კავშირში იმ გამოწვევებთან, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააჩნია. იმ საჭიროებებთან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. იმ დღის წესრიგთან, რომელიც ამომრჩეველმა დაუკვეთა თავის პარტიას ან სხვა პარტიებს. თუ საარჩევნო კამპანიის დროს საუბარი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, საერთოდ არ იყო არანაირად განხილული. იმიტომ, რომ ეს არ არის პრობლემა, ეს არ არის გადასაწყვეტი საკითხი. თუ ვინმე აზრიანად გამაგებინებს, ამ საკითხის შედეგად რა წყდება, ან რომელი პრობლემა მოგვარდება, მიებმება ეს დასაქმებას, უფრო სამართლიან სასამართლოს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ოკუპაციის თემატიკას, თუ ჯანდაცვას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, თუ არ იქნება თუნდაც იმ ტიპის დისკუსია, რომელიც მასსა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობას შორის იყო, თუნდაც ვეტოების სახით, ეს ძალიან უარყოფით შთაბეჭდილებას დატოვებს ქართულ დემოკრატიაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც.
კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია მისი თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის გზით, მარგველაშვილის თქმით, ასეთი არარეალური, ეფემერული ფანტაზიები, რითიც ხშირად გარკვეული პოლიტიკოსები გვართობენ ხოლმე, ბუნებრივია, შესაძლებელია არსებობდეს.
„რა თქმა უნდა, რეალურია, იმიტომ, რომ შესაძლებელია, უცბად მაგალითად, რომელიმე გამორჩეულ პოლიტკოსს მოუვიდეს თავში იმპიჩმენტის სურვილი და წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. ამას სჭირდება გარკვეული საფუძვლები. უნდა იყოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ასეთი პოლიტიკოსების თავში დანაშაულის თემაც განჩდება, ხომ?! რატომ არ შეიძლება ხვალ ან ზეგ რაიმე ასეთი ტიპის დანაშაულის ინსცენირების იდეა მოვუვიდეს რომელიმე პოლიტკოსს, მაგრამ მე მაინც უფრო ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, ვინც საუბრობენ ასეთი ტიპის განვითარებაზე, ან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, ან იმპიჩმენტის პროცედურაზე. ეს არის უბრალოდ ეფემერული ფანტაზიის შედეგი. რეალურად ის გეგმა, რაზეც იყო საუბარი, იყო ის, რომ პრეზიდენტი აღარ იყოს არჩეული. ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი პოზიცია გამაჩნია - ეს არის ქართველი ხალხის უფლება და სანამ შენ ამ უფლებას ქართველ ხალხს აართმევ, კარგად უნდა აუხსნა, ამას რატომ აკეთებ. იმით ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილი არ არის კარგი ადამიანი, ან პოლიტიკოსი, ან მარგველაშვილი არ მოგწონს, შენ უნდა აუხსნა უფრო ფუნდამენტურად და თქვა, რატომ არ აქვს ამომრჩეველს უფლება აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს ტოვებს ზედაპირული პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.