ჩემი ხმა დაიკარგა, რადგან მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა „რუსთავის 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთეს ტემპერატურის ასაწევად. „ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რატომაც ჩვენ ვერ შევქმენით და ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი. გავაანალიზოთ რა მოხდა: რა თქმა უნდა, იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ტემპერატურის აწევის ტენდენცია და კამპანია და ამავე დროს, ზუსტად იგივენაირად „ნაციონალური მოძრაობაც“, როგორც მეორე პოლუსური, კონკურენტული ძალა აწარმოებდა კამპანიას ტემპერატურის ასაწევად. ეს, საარჩევნო კუთხით თუ შევხედავთ, ბუნებრივია, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს ორი დიდი პოლიტიკური ბანაკი, ორივეს მიერ ტემპერატურის აწევა მათ მიერ ამომრჩევლის მობილიზაციაზეა ორიენტირებული. ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ იგივე რიტორიკაში იყო ჩართული. მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლის დაბარება და ძალიან ნათლად დაფიქსირება, რომ ასეთი ჩარევა საარჩევნო პროცესში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გახსოვთ, კონკრეტულად საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას, რაც არაერთხელ ითქვა. სააკაშვილის ჩამოსვლა თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ვითარება მშვიდობიანი საარჩევნო რეჟიმიდან უნდა გადასულიყო ექსტრემალურ პირობებში. როდესაც პრეზიდენტი, რომელიც არის ძებნილი, ჩამოდის იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ძებნილია და ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაიკითხოს პროკურატურის მიერ, ეს ავტომატურად კონფლიქტია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, შედარებით „ტანმორჩილმა“ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გაიაზრეს, რომ ეს ორი ძალა საარჩევნო ველის პრივატიზაციას მოახდენდა, რის შედეგადაც სწორედ ორპოლუსიანი პარლამენტი მივიღეთ. „საარჩევნო ველის დაძაბვა მომგებიანი იყო ორივე დიდი საარჩევნო სუბიექტისთვის. ამ ფონზე ოპოზიციამ, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიების სახით იყო წარმოდგენილი, ვერ გაიაზრა, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მოახდენდნენ ველის პრივატიზაციას - არ მოხდა გაერთიანება, არ მოხდა მესამე ალტერნატივის ჩამოყალიბება... ამის შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა - ნაწილი ამომრჩეველი გაუცხოვდა, ნაწილი ამომრჩევლის ხმები კი დაიკარგა, მათ შორის მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ხმაც დაიკარგა, რადგან მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.