ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოსთვის უკეთესი ჰილარი კლინტონის გამარჯვება იქნება. როგორც გოგოლაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ შემთხვევაში საქართველო-აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობა სავარაუდოდ განვითარდება.
”ჰილარი კლინტონის გამარჯვება ჩვენთვის უკეთესი გამოსავალი და ვარიანტია. ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მინიმუმ შენარჩუნდება იმ დონეზე, რა დონეზეც ავიდა, თუმცა ალბათ უფრო განვითარდება. ჰილარი კლინტონი ობამასგან განსხვავებით უფრო გამოცდილია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ობამა როდესაც პრეზიდენტი გახდა, არ იყო გამოცდილი საგარეო საკითხებში და არ იყო მომხრე საგარეო ურთიერთობებში უფრო მეტად ჩართვის, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიც არის საქართველო. ჰილარი კლინტონის დამოკიდებულება საქართველოსთან უფრო მეტი ცოდნით, უფრო მეტი დადებითი მუხტებით და შეხედულებებით ხასიათდება. მას აქვს მეტი გამოცდილება საგარეო ურთიერთობებში, იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. მისი პოლიტიკა საგარეო კუთხით იქნება ობამას პოლიტიკასთან შედარებით უფრო აქტიური, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეგიონშიც იქნება უფრო აქტიური”, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი რეგიონის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა დაკნინდება მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს დიდი გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაზე.
”კონგრესის შეხედულებები ვერ გახდება გარანტია იმისა, რომ პოლიტიკა აქტიურად განხორციელდება ჩვენ რეგიონში”, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.