ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საკადრო გადაწყვეტილებების მეორე ეტაპი, რომელიც მთავრობის დაკომპლექტებას ეხება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სიის შეფასებისას განუცხადა.
მისივე მოსაზრებით, მთავრობის დაკომპლექტება პრინციპული თემაა, რაც ხელისუფლების გარკვეული ტესტი იქნება. გია ხუხაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, ორი პრინციპული საკითხია გაასარკვევი - რამდენად ქმედითი და ეფექტური იქნება მთავრობა და გადადის თუ არა ქვეყანა ინსტიტუციურ მართვაზე.
”მე დეტალებში არ შევიდოდი, პერსონებზე არ არის საუბარი. მთავარია, ჩვენ მთავრობაში ვიხილოთ კვირიკაშვილის გუნდი, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს აღქმა, რომ ეს არის კვირიკაშვილის გუნდი, კვირიკაშვილია ამ ქვეყნის რეალური ძალაუფლების ცენტრი, ის იღებს გადაწყვეტილებებს და ის არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, თუ რაიმე პრეტენზიები გვექნება ხელისუფლებასთან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პრეტენზიები გვაქვს კვირიკაშვილთან და არ დავრბოდეთ მუდმივად სადღაც სხვაგან, რადგან ეს უსამართლოა, თუნდაც იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველაფერი ბრალდება. ხშირ შემთხვევაში, ეს სპეკულაციის ხასიათს იღებს. პრინციპული და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენ ვიცოდეთ, რომ პრემიერ- მინისტრის კაბინეტში, მის მინისტრებთან ერთად მიიღება გადაწყვეტილები, ისინი არიან პასუხისმგებლები და სადღაც გვერდზე არ ვეძებდეთ დამნაშავეს. ეს არის ფუნდამენტური თემა”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება, ”ქართული ოცნების” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სიას, პოლიტოლოგის მოსაზრებით, კარგია, რომ ძველი სახეები ნაკლებად არიან წარმოდგენილი საპარლამენტო თანამდებობებზე, რადგან საზოგადოებაში განახლების მოთხოვნილებაა.
”საზოგადოებაში ასეთი განცდა იყო, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე სიტუაცია გვკარნახობს. ფაქტი, რომ წინა პლანზე ძირითადად, ახალი ელიტა არის წამოსული, - ეს კარგია. თუმცა, ეს ყველაფერი გაცემული ავანსია. დანარჩენი ქმედებებში უნდა ვნახოთ, რა ფუნდამეტური ცვლილებები გვექნება პირველ რიგში კონსტიტუციასთან მიმართებაში და საით მიდის ეს ყველაფერი. რა არის ახალი პარლამენტის პრიორიტეტი - სახელმწიფო ინტერესი, თუ ვიწრო პარტიული ინტერესი? ეს დილემა საქართველოში ყველა ხელისუფლების წინაშე იდგა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა. თუ ეს პარლამენტი ჩააბარებს, მე მხოლოდ გამიხარდება. ყოველ შემთხვევაში, წარდგენილი თავმჯდომარის, კობახიძის რიტორიკაში იმედისმომცემი ნოტებია. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით რიტორიკაა. ქმედებაში ვნახავთ ალბათ რეალურად რა მიმართულებას მიიღებს პროცესი”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე განმარეტებით, ”იმედის მომცემ ნოტებში”, გულისხმობს, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თანახმად, ფართო განხილვის გარეშე კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული არ იქნება, ყველაფერი კონსტიტუციის გაჯანსაღების მიმართულებით გაკეთდება და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ეხება, როგორც პრეზიდენტთან დაკავშირებულ თემებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას.
”ვნახავთ, პროცესი გვაჩვენებს ყველაფერს, მე არ მინდა, რომ ამ ეტაპზე ან ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, ან ზედმეტად პესიმისტი”, - დასძინა გია ხუხაშვილმა.