სამინისტროების გარკვეული ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი, რადგან დღევანდელი სტრუქტურა თითქმის 15 წლისაა

სამინისტროების გარკვეული ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი, რადგან დღევანდელი სტრუქტურა თითქმის 15 წლისაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, სამინისტროების გარკვეული ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი, რადგან დღევანდელი სტრუქტურა თითქმის 15 წლისაა. შესაბამისი კომენტარი კვაჭანტირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა, რითაც სამინისტროების შესაძლო შემცირების შესახებ განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ზვიად კვაჭანტირაძე სამინისტროების ოპტიმიზაციის თემას „სამთავრობო საკითხად“ აფასებს, თუმცა თავის მხრივ აცხადებს, რომ ოპტიმიზაციაზე ზრუნვა ყოველთვის საჭიროა.

„რთული თემაა, ეს უფრო სამთავრობო საკითხია. ჩემი აზრით, ოპტიმიზაციაზე ზრუნვა ყოველთვის საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრი რა წინადადებით წარსდგება. თუ იქნება კონკრეტული წინადადება, ამის განხილვისთვის პარლამენტი მზად იქნება და ვალდებულიც. მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად რაღაც ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი იმიტომ, რომ დღევანდელი სტრუქტურა არის თითქმის 15 წლის, თუ მეტის არა“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი სამინისტროების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას საკუთარი მოსაზრება აქვს, მაგრამ „ჯერჯერობით საჯაროდ ამაზე ლაპარაკი, ვიდრე ეს გუნდში არ იქნება განხილული“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს სწორად არ მიაჩნია.

კითხვაზე - იყო თუ არა აღნიშნული საკითხზე საუბარი პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, „კონკრეტულად არა, მაგრამ შესაძლებლობებზე კი“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს.