შორს ვარ შეფასებისგან, რომ საქართველოს საჭიროზე მეტი ან ნაკლები სამინისტრო აქვს

შორს ვარ შეფასებისგან, რომ საქართველოს საჭიროზე მეტი ან ნაკლები სამინისტრო აქვს

 შორს ვარ ისეთი შეფასებისგან, რომ საქართველოს საჭიროზე მეტი, ან ნაკლები სამინისტრო აქვს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე აზრით, სამინისტროების შემცირების გადაწყვეტილება „რაოდენობაზე დაყრდნობით“ არ უნდა იქნას მიღებული.

”შორს ვარ ისეთი შეფასებისგან, რომ საქართველოს მეტი, ან ნაკლები სამინისტრო აქვს. არ მგონია, რომ რაოდენობაზე დაყრდნობით უნდა იქნას ასეთი გადაწყვეტილებებები მიღებული. ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველო არის რთულ გეოპოლიტიკურ არეალში, ამიტომ რეფორმები უნდა გააგრძელოს, უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ მოწინავეები ვართ - რეფორმების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ სამინისტროების საკითხს სჭირდება სერიოზული განსჯა, არა მხოლოდ გუნდის შიგნით, არამედ ექსპერტულ წრეებთან.

”ალბათ, იცით, რომ მთავრობის ოთპუნქტიან გეგმაში მეოთხე პუნქტი არის სწორედ მმართველობის რეფორმა - მმართველობის და ზოგადად, სამთავრობო რეფორმები რომ გაგრძელდებოდა, ეს პრემიერმა არჩევნებამდე დააანონსა. კონსულტაციები და მსჯელობა ჯერ არ გვქონია”, - აღნიშნა თალაკვაძემ და დასძინა, რომ საკითხზე მსჯელობის შემთხვევაში, პირადად ის პროცესში აუცილებლად ჩაერთვება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს.