ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ქ. დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) „Global Women in Leadership“ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
კონფერენცია არის ორ დღიანი და საკმაოდ მასშტაბური - ის ყოველწლიურად 500-ზე მეტ უცხოელ დელეგატს მასპინძლობს. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროს მდივნის ეკონომიკურ საკითხებში, მისი აღმატებულება მუჰამედ ალ-შიჰის პატრონაჟით იმართება.
ქეთევან ბოჭორიშვილი მონაწილეობს სადისკუსიო პანელში „დივერსიფიკაცია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“. პანელის სხვა მონაწილეებს შორის არიან ლიბანის ყოფილი განათლების მინისტრი და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი ჰასან დიაბი და საამიროების ეკონომიკის სამინისტროს მდივანი ეკონომიკურ საკითხებში, მუჰამედ ალ-შიჰი.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა „ექსპო 2020“-ის საორგანიზაციო გუნდთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს გამოფენაზე მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.
„ექსპო 2020“ გამოფენის ჩატარების უფლება ქ. დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა 2013 წლის 27 ნოემბერს მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია ამ მიმართულებით და მისი ჯამური საგამოფენო სივრცე 4.38 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო წინასწარი გამოთვლებით დასწრება იქნება რეკორდული, 25 მილიონი ადამიანი გახსნის დღიდან დახურვამდე, 20 ოქტომბერი 2020 – 10 აპრილი 2021.