"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პარტიის საარჩევნო სიის მე-2 ნომრისა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურზე უარის თქმის შესახებ, პარტიის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განუცხადა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, ამ თემაზე ზოგადად იყო საუბარი, თუმცა არ იცოდნენ, თუ ამაზე დღეს გაკეთდებოდა განცხადება.
"საზოგადოებამ უკვე იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა ძალადობა, დაშინება. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ მარნეულში, როცა ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცულები. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება კი, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო, გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის ის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა. მე მესმის, რომ ემოციურად ძნელი იყო ყველაფერ იმის ხილვა, რაც მოხდა ზუგდიდში, ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ძალების კონცენტრაცია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რომ ივანიშვილს შესაძლებელია, ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა",-აღნიშნა სერგო რატიანმა.