ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყიზილაჯლოში განმეორებითი არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების მცირე რაოდენობით წააგო.
„ზუგდიდის სამ რაიონში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. ზუსტად არ ვიცი, მგონი 58 ხმით წავაგეთ ყიზილაჯლოში. მარნეულში მეორე ტური გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში გამარჯვება იქნება. პირველი რაც უმთავრესი იყო და რასაც მთელი დღე ვამბობდით, ქვასროლია პარტიას არ მივეცით საშუალება, რაიმე პროვოკაცია გაეკეთებინა. სიტყვიერად კი სცადეს დაძაბულობა, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიც იქნება მშვიდი და წყნარი.
"დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში 50-ვე ოლქში, სადაც არის მეორე ტური. პარტია, რომელიც ამბობდა რომ 8 ოქტომბერსვე დაამთავრებდა ხელისუფლებას და მოიგებდა, ახლა ერთადერთი ოცნება დარჩა, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას „ქართული ოცნება“ და შეძლებენ თუ არა თავიანთ მანდატებს რაც პირველ ტურში მოიპოვეს, ერთი მანდატი მიუმატონ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.