თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ 8 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, სცდება

თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ 8 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, სცდება

თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ 8 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, სცდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა, რომელიც სამეგრელოში იმყოფება.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ყველამ კარგად იხილა ის სამარცხვინო ფაქტები, რაც ჯიხაშკარსა და განმუხურში 8 ოქტომბერს მოხდა.

მისივე თქმით, 8 ოქტომბერს მომხადრი ინციდენტის შემდეგ დააკავეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ვინმე მხეიძე და დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები „მოსახლეობას ევაჭრებიან, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მხეიძეს გაათვისუფლებენ.

„მაშინ დარბევაში მონაწილეობას იღებდა 15 ადამიანი - „ქართული ოცნების“ აქტივისტები. დაკავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი და ამ ერთი ადამიანით სამწუხაროდ ვაჭრობს „ქართული ოცნება“, რომელსაც ძალიან მალე საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არ დარჩა არც ერთი საჯარო მოხელე, რომელიც დღეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

„საუბარი იმაზე, დღეს როგორ მიმდინარეობს არჩევნები, იქნება ძალიან უხერხული იმის ფონზე, როდესაც ვიხილეთ თუ რა ჩაიდინა 8 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე გაყალბების უამრავი ფაქტი დაფიქსირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ 8 ოქტომბერს გამარჯვებას მიაღწია და ეს გამარჯვება არის დამაჯერებელი, ცდება. მისივე თქმით, ეს არის მყიფე გამარჯვება, რომელიც ცოტა ხანში ცუდად მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“.

რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მონაწილეობას, ნიკა მელიას თქმით, ის ხედავს მეორე ტურში ბრძოლის აზრს.

„ყველა დეპუტატობის კანდიდატი, ვინც მეორე ტურშია გასული, რა თქმა უნდა, მზად არიან არჩევნებში მონაწილოების მისაღებად. ეს არის ბრძოლის სხვა ეტაპი, სადაც, ჩემი აზრით, უარის თქმა დაუშვებელია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.