იმერეთში, გიგანტური კუს, დინოზავრის და თევზების გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს

იმერეთში, გიგანტური კუს, დინოზავრის და თევზების გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს

ბაღდათიას რაიონში, მდინარე ხანისწყლის პირას გიგანტური კუს, დინოზავრის და დიდი ზომის თევზების გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ რომ, ცხოველთა ნიმუშები რამდენიმე ასეული საუკუნისაა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ბაღდათი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს შეიძენს.

ნაშთები ადგილობრივმა ნინო ბაზანოვმა აღმოაჩინა, რომელმაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება საქმის კურში უკვე ჩააყენა.

"რამდენიმე გაქვავებულ ნაშთს კუს ფორმა აქვს. იქვე აღმოჩნდა ნიანგის კუდის­ ანალოგიც. ასამდე ნაშთია შენარჩუნებული. მდინარის ნაპირი გამაგრებულია კირქვის ლოდების ჯებირებით. დიდი ხანია მახსოვს ეს ქვები, მაგრამ დაკვირვება მხოლოდ ერთი თვის წინ დავიწყე. ცხოველთა გაქვავებული ფიგურები ბონდის ხიდიდან 25-30 მეტრშია მიმოფანტული და ქარავნის­ შთაბეჭდილებას ტოვებს. მდინარიდან მოშორებით, კირქვებში მოქცეულია კუს ბაკანი, ფიქსირებულია ძვალი - თავის ნაწილით, ბეჭის არე, ხერხემლის მალა, კისრის ნაწილი. ცოცხალი ორგანიზმის არაცოცხალ ორგანიზმად, ქვად გადაქცევა განპირობებული უნდა იყოს წნევისა და ტემპერატურის გავლენით - იქვეა ვულკანური ფერფლიც. ცხოველთა ზომები მერყეობს. ყველაზე პატარა დაახლოებით 30 კგ-ია, ყველაზე დიდი - 2 ტონამდე. ჰიდროგენეზისის შედეგად ეს ცხოველები უფრო დაპატარავდა. ერთი გიგანტური კუს ზომა 1.5 მეტრია, მეორისა - 1.25 მეტრი. ამ ნაშთებს სასწრაფოდ უნდა მივხედოთ, ვიდრე მდინარეს არ ჩამოურეცხავს. მდინარის მარცხენა ნაპირზე ცხოველებს აშკარად ეტყობა, რომ მზისგან იშლება, მაგრამ მაინც კარგად განირჩევა ნაწლავების, კუჭის, ხერხემლის ნაწილები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ქოლესტერინისა და ფერმენტების წყალობით შენარჩუნებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი,"-აცხადებს ნონო ბაზანოვა.