გზის გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პიარ პროვოკაციაა

გზის გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პიარ პროვოკაციაა

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც არ შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში და ამიტომ მოიგონეს ახალი პიარ პროვოკაცია, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ”ნაციონალური მოძაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზები გადაკეტა.

მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე იმ გზების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, რომლებზეც იმამკულიევი მიუთითებს, რომ პოლიცია აქვს გადაკეტილი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ არავითარი გზა გადაკეტილი არ არის.

”არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ეს არ შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში, ამიტომ მოიგონეს ახალი პიარ პროვოკაცია. თქვენც კარგად ხედავთ, როგორ არის ”გადაკეტილი” გზა. ეს არის მათი სტილი, მორიგი პიარ პროვოკაცია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

”ქართული ოცნების” ლიდერები აკმამედ იმამკულიევსაც გაესაუბრნენ და ჰკითხეს, თუ სად იყო გადაკეტილი გზები, რაზეც იმამკულიევმა უპასუხა, რომ აღნიშნულ გზებზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ პოლიციისა და „გაურკვეველმა“ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს.