„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ამომრჩეველზე რაიმე სახის ზეწოლას ან დაშინებას გამორიცხავს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას უპასუხა.
„არაფერი ზეწოლა აქ არ ხდება, ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. თუ ვინმეს უნდა, რომ ხელოვნურად შექმნას ასეთი სურათი, ეს მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იქნება. მე რასაც ვაკვირდები, აბსოლუტურად ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. თუ რაიმე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა, შიგნით მუშაობს კამერები და შეუძლია, ვიდეომასალაზე დაყრდნობით რეაგირება მოხდინოს“, - განაცხახდა ბესელიამ
რაც შეეხება აღნიშნულ უბანში 8 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, როგორც ბესელიამ აღნიშნა, იმ დღეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა თავისი უფლება ბოლომდე გამოეხატა.
„დაშინებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია. თუ ვინმე გულისხმობს, რომ პოლიციისთვის ქვის სროლა, ძალადობა, წითელი ხაზების გადაკვეთა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს, ნურას უკაცრავად. არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაკეთდა იმ დღეს, რათა ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა თავისი უფლება ბოლომდე გამოეხატა. ადგილზეც კი არ მოხდა იმ ადამიანების დაკავება, ვინც პირდაპირ ეთერში კანონს არღვევდნენ“, - განაცხადა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ განსაკუთრებით მარნეულის აღნიშნულ ოლქში დაშინებისა და მუქარების მიზნით განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია. გიგა ბოკერია პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება.
„განსხვავებებით სხვა ადგილებისგან, აქ სპეცოპერაცია ჩაატარეს თითოქოსდა ძალადობის ჩამდენთა დასასჯელად, თუცა სინამდვილეში ამოცანა იყო ამ ხალხის დაშინება და ჩვენ გვინდა, რომ მათ დღეს მაინც ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი მარტოები არ არიან და უნდა განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა ბოკერიამ.