მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს.
როგორც ასანიძემ განმარტა, დილიდან საარჩევნო უბანი კანონისა და პროცედურების სრული დაცვით გაიხსნა და არავითარ დარღვევას საარჩევნო უბანზე ადგილი არ ჰქონია.
”საარჩევნო უბანი დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ტექნიკური პრობლემები შექმნა დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების სიმრავლემ, პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანმა მიიღო და საკონტროლო ფურცლის ჩაშვება მოხდა 08:15 საათზე. რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტენის კაბინის გარეთ შემოხაზვის ფაქტს, მე ასეთი რამ არ მინახავს, აპირებდა ამომრჩეველი რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზვას, თუმცა მიუთითეს ამის შესახებ და ის საბოლოო ჯამში კაბინაში შევიდა”, - განაცხადა იაკობ ასანიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო უბნის სხვა ტერიტორიაზე გადატანას, როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხვა უფრო მოსახერხებელი და დიდი ოთახი იმ შენობაში, სადაც კენჭისყრის პროცედურა ტარდება არ არსებობს და შეუძლებელია სხვა ტერიტორიაზე საარჩევნო პროცესის გაკონტროლება.
რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, როგორც იაკობ ასანიძემ განმარტა, ამის შესახებ ჯერჯერობით მას ინფორმაცია არ გააჩნია.