დავით სერგეენკო ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის განახლებული კლინიკის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

დავით სერგეენკო ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის განახლებული კლინიკის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის განახლებული კლინიკის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო. ჯანდაცვის მინისტრმა დაწესებულება დათავალიერა და კოლეგებს წარმატებები უსურვა.

„ჩვენ მართლაც ისტორიულ ადგილას ვიმყოფებით. ეს არის კლინიკა, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის. აქ ექიმების მთელი თაობები აღიზარდა. კლინიკაში ბევრი რამ შეიცვალა, საბედნიეროდ, სიკეთისკენ. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ადგილას უკვე ახალი ტექნოლოგიებით, ძველი სიბრძნით და ახალი ცოდნით შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მკურნალობა და მეტი შედეგის მიღწევა“, - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, პროფესორ თამაზ ჩხიკვაძის ინფორმაციით, კლინიკა პაციენტებს უწევს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ და გადაუდებელ დახმარებას. მისივე ინფორმაციით, გაფართოვდა მომსახურების არეალი და საქმიანობას დაემატა ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, თვალის ქირურგია და სხვ.

მრავალპროფილიან კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგარემონტებული სამედიცინო დაწესებულება ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.

დღესვე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მისი შვილის, პროფესორ ვახტანგ ალადაშვილის ბარელიეფიც გაიხსნა. მიხეილ ჩაჩავას პატივსაცემად კი აუდიტორიას, სადაც პროფესორი ლექციებს კითხულობდა, მისი სახელი ეწოდა.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა 1880 წლიდან ფუნქციონირებს.