„აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“

„აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“

„ავიაცია ბოლო 4 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენთვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, ვინაიდან სწორედ ავიაბაზრის განვითარება, მგზავრთნაკადის ზრდა და ახალი მიმართულებების დამატება წარმოადგენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საწინდარს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2016 წლის 9 თვის მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო საქართველოს ავიაციის ისტორიაში. „თუ ჩვენ შევხედავთ ბოლო 4 წელს, ავიაციაში სახეზე გვაქვს ყოველწლიურად უპრეცედენტო ზრდა. 2 186 684 მგზავრი ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, 103%-იანი ზრდა 2012 წელთან შედარებით, 33 ავიაკომპანია, ფრენები 20 ქვეყნის 48 მიმართულებით, ეს არის ციფრები, რომელიც მეტყველებს ჩვენს უდავო წინსვლასა და წარმატებაზე“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას,  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციას, კომპანია „ტავ ჯორჯიას,” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტს გეგმაზომიერი, თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „ამ მუშაობის შედეგად ჩვენ ვახერხებთ საქართველოს სწორ პოზიციონირებას მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე, ვთავაზობთ ავიაკომპანიებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას და ვახორციელებთ სწორ მარკეტინგულ პოლიტიკას, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ციფრებზე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტმა დაიმკვიდრა თავისი ნიშა, რაც უზრუნველყოფს სამივე მათგანის განვითარებას და ჯამში მგზავრთნაკადისა და ავიამიმართულებების რაოდენობის ზრდას“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოში აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ახალი აეროპორტების მშენებლობის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს უპრეცედენტო მოკლე ვადებში დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და დაიწყო ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დასრულდება მომავალი წლის სექტემბერში. „მინდა აღვნიშნო საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივა, რომელიც საფუძვლად დაედო ამბროლაურში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობას. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დასრულდა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო წლის ბოლოს დასრულდება სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. ჩვენ კიდევ გვაქვს ამბიციური გეგმები, რადგან ქვეყანაში აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა წარმოადგენს მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.