კონსერვატორი ბორის ჯონსონი ლონდონის მერად კვლავ აირჩიეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტი კონსერვატორებისათვის, რომლებმაც ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ადგილობრივ არჩევნებზე კატასტროფული მარცხი განიცადეს. ტორებმა და მათმა საპარლამენტო კოალიციის პარტნიორებმა, ლიბერალ-დემოკრატებმა ადგილობრივ საბჭოებში, ლეიბორისტების სასარგებლოდ, ასობით ადგილი დაკარგეს.
ლონდონში ჯონსონმა 3%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა უშუალო კონკურენტმა, ლეიბორისტმა კენ ლივინგსტონმა.
ჯონსონის გამარჯვება მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ამას ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვები და ეგზიტ-პოლებიც წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ლივინგსტონთან მისი უპირატესობა არც ისე შთაბმეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მრავალი ექსპერტი ვარუდობდა.
ლივინგსტონმა ვერ მოახერხა რევანშის აღება და ჯონსონის დამარცხება. კენ ლივინგსტონი იყო ლონდონის პირველი მერი, მას შემდეგ რაც 2000 წლიდან ეს თანამდებობა დაკანონდა. იგი ამ პოსტზე ორჯერ იყო არჩეული და 2008 წელს სწორედ ჯონსონთან დათმო პირველობა.
ლივინგსტონმა ამ დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ იგი საბოლოოდ ემშვიდობება დიდ პოლიტიკას.
როგორც ადრე უკვე ვიუწყებოდით, ამ არჩევნებზე ჯონსონისა და ლივინგსტონის გარდა ლონდონის მერის თანამდებობაზე პრეტენზიას სხვა კნდიდატებიც აცხადებდნენ. კერძოდ: ლიბერალ-დემოკრატებიდან ბრაიან პედიკი, ულტრა-მემარჯვენე ბრიტანეთის ნაციონალისტური პარტიიდან კარლოს კორტიგლია, თვითწამოყენებული კანდიდატი შივონ ბენიტა, „მწვანეების“ კანდიდატი ჯენის ჯონსი და ლოურენს ვები ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან.
პირველად ისტორიაში ლონდონის მერის არჩევნები ეგრეთ წოდებული დამატებითი ხმის მიცემის (supplementary vote) წესით ჩატარდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს, საარჩევნო ბიულეტენში რიგითობის გათვალისწინებით მიუთითოს მისთვის სასურველი ორი კანდიდატურა. თუ „პირველი უპირატესი“ ხმების დათვლით ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, მაშინ უკეთესი მაჩვენებლის მქონე ორ კანდიდატს შორის ის კანდიდატი ჩაითვლება არჩეულად, რომელიც „მეორე უპირატესი“ ხმების ჯამით უკეთეს შედეგს აჩვენებს.
ჯერ კიდევ აპრილში კომპანია YouGov-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებდნენ, რომ ელექტორატის 49% მოქმედ მერს, ჯონსონს ანიჭებდა უპირატესობას, მის ვიზავს ლივინგსტონს კი 41% უჭერდა მხარს. „მეორე უპირატესის“ მაჩვენებლით ჯონსონს 54%, ხოლო ლივინგსტონს 46% უჭერდა მხარს.
ხმის პირველი დათვლა სწორედ „პირველი უპირატესის“ წესის გათვალისწინებით მოხდა, რა დროსაც ორივე ლიდერმა კანდიდატმა გასამარჯვებლად საჭირო 50%-ზე ნაკლები დააგროვა, ჯონსონმა 44%, ხოლო ლივინგსტონმა 40.3%. ამიტომ საჭირო გახდა ხმების ხელახალი გადათვლა „მეორე უპირატესის“ გათვალისწინებით, რომლის დროსაც ჯონსონმა 51.5%, ხოლო ლივინგსტონმა 48.5% მიიღო.
შედეგების გამოცხადების შემდეგ თავის სიტყვაში ბორის ჯონსონი „მთავრობის წინაშე ლონდონის მცხოვრებთან ინტერესების დაცვასა და ყველა ლონდონელისთვის კეთილდეღეობის მიღწევას“ დაპირდა.
რაც შეეხება ლივინგსტონს, მიულოცა რა თავის ვიზავის გამარჯვება მან გამოთქვა ვარაუდი, რომ „ამ არჩევნებმა ნათელი შეიტანეს იმ საკითხში, თუ ვინ უხელმძღვანელებს ტორებს (კონსერვატორები) მომავალში“.
ამრიგად, ლივინგსტონმა იმ მრავალი ექსპერტის პროგნოზი გაამართლა, რომლებიც ჯონსონს კონსერვატორების ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ. ლონდონის მაგალითმა ყველას დაანახვა, რომ ბორის ჯონსონი ტორებს შორის უფრო მეტად „არჩევადი“ პოლიტიკოსია, ვიდრე კონსერვატორების ამჟამინდელი ლიდერი, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი. ჯონსონის ეს გამარჯვება კონსერვატორების საყოველთაო წარუმატებლობის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მრავლის მეტყველია.
ის, რომ კონსერვატორთა რიგებში ცვლილებებზე ბევრი ფიქრობს უკვე არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა BBC-ს განუცხადა, რომ პარტია თავისი ლიდერის, დევიდ კემერონის შეცვლას გეგმავს. მისი ინფორმაციით ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამისთვის საჭიროა 46 დეპუტატის ხელმოწერა, რომელთა შეგროვებაც საშობაოდ იგეგმება.
კემერონის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ადგილობრივ ორგანოების არჩევნებში კონსერვატორთა კატასტროფული წარუმატებლობაა.
არჩევნები ინგლისის 131, შოტლანდიის 32 და უელსის 21 ადგილობრივ ორგანოში 4 700-ზე მეტ ასარჩევ თანამდებობაზე გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა ძალიან დაბალი იყო.
შედეგების მიხედვით, კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების მმართველი კოალიცია თავის ოპონენტ ლეიბორისტულ პარტიას საგრძნობლად ჩამორჩა. საერთო ჯამში ლეიბორისტებმა 700 არჩევითი თანამდებობით მეტი მიიღეს, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. უმრავლესობა მათ მმართველ კოალიციას 20 მუნიციპალურ საბჭოში წაართვეს, მათ შორის – ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბირმინგემში.
შოტლანდიაში ლეიბორისტებთან ერთად წარმატება შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამაც მოიპოვა.
ყველაზე მტკივნეული შედეგი მმართველი კოალიციის „უმცროს ძმას“, ლიბერალ-დემოკრატებს დაუდგათ. მათ ნახევარზე მეტი ადგილები დაკარგეს და პარტიის მთელი ისტორიის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში 3 ათასზე ნაკლები წარმომადგენელი ეყოლებათ.
შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონსერვატორთა რიგებში მკაცრი მემარჯვენე პოლიტიკის მომხრეთა პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. ლიბერალ-დემოკრატები კი ალბათ თავიანთი პარტნიორებისაგან შესამჩნევ დისტანცირებას შეეცდებიან.
მოახერხებენ თუ არა კონსერვატორები შიდა მოდერნიზირებასა და ქვეყნის მასშტაბით პოზიციების გამყარებას, ამას 2015 წლის 7 მაისს გასამართი საყოველთაო არჩევნები აჩვენებს.
ჯერჯერობით კი პოლიტიკური დაფნის გვირგვინი ლეიბორისტებისა და მათი ახალგაზრდა ლიდერის, ედვარდ სამუელ მილიბენდისკენ იხრება.