8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპალამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა საზოგადოებას ამისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის.
„თითოეულმა დამკვირვებელმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა ეს ფაქტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალქო საზოგადოებას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის.
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის მიმართ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა“, - განაცხადა პრემიერმა.