ვინც დატოვა პოლიტიკური პარტია, ერთმანეთს სრულად მოვუხსენით პოლიტიკური ვალდებულებები, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება მათ, ვინც ჩემთან ერთად წავიდა და პარტია დატოვა, ეს არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი, როდესაც დაინახა, რომ პოლიტიკაში მას აღარ უნდა ყოფნა და აღარ უნდა საკუთარი აქტივობის პოლიტიკაში გაგრძელება. გულწრფელად და თავმდაბლობითაც გეტყვით, რომ ჩვენ ვიყავით პროფესიონალების გუნდი, რომლებიც პოლიტიკაში მოვედით ძირითადად საჯარო სამსახურიდან. მე მგონია, რომ დაკარგული იქნება ქვეყნისთვის ეს რესურსი, თუკი ადამიანები პოლიტიკაში არ არიან, რომ მათ საერთოდ ქვეყნის აღმშენებლობაში არ მიიღონ მონაწილეობა. თუ მათ შანსი გაუჩნდებათ, რომ აკეთონ რაიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის, რაც მათ ღირებულებებს და იდეას შეეფერება, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში“, - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე - ეთანხმება თუ არა ის, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრებმა ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები დაიკავონ, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ის სხვის მაგივრად ვერ ილაპარაკებს და დასძინა, რომ თავად არ აპირებს არანაირი სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას.
„რაც შეეხება სხვებს, როდესაც ეს მომენტი დადგება, მათ ჰკითხეთ. ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ვინც დატოვა პოლიტიკური პარტია, ერთმანეთს სრულად მოვუხსენით პოლიტიკური ვალდებულებები. ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად ცხოვრებას, მაგრამ პოლიტიკური ვალდებულებებისგან ყველა გათავისუფლებულია. საკუთარი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ. სხვის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ალასანიამ.