„რესპუბლიკურ პარტიასთან“ გაერთიანებაზე ან ერთიანი კოალიციით არჩევნებზე გასვლაზე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ მოხდა გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“.
როგორც ალასანიამ განმარტა, ორივე პარტიამ ერთად ბევრი რამ გამოიარა და მათ აქვთ ღირებულებებში ძალიან ბევრი თანხვედრა.
„ჩვენ - ორივე პარტია ვართ ერთიანი ევროპული ლიბერალური ოჯახის წევრი და ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს ღირებულებებში, მაგრამ ჩვენ როდესაც კოალიცია დავტოვეთ „რესპუბლიკური პარტია“ იყო კოალიციის ნაწილი და აქედან გამომდინარე, ვერც იქნებოდა საუბარი რაიმე ფორმით გაერთიანებაზე, ან ძალისხმევის ერთი მიმართულებით მიმართვაზე. ჩვენ როდესაც უკვე განვაცხადეთ, რომ პარტია დამოუკიდებლად მიდიოდა არჩევნებზე, მაშინაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციის წევრი იყო, ამიტომ ბუნებრივად ასეთი გაერთიანება, ან რაიმე ერთიანი კოალიციით გასვლა არჩევნებზე ვერც განხორციელდებოდა, რომც ყოფილიყო სურვილი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, არანაირი კონსულტაციები ამ კუთხით არც გვქონია. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი თავი - „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებლად გამოგვეცადა პარტიული ცხოვრების კუთხით არჩევნებში და ამ წარუმატებლობის მიუხედავად, მე ვხედავ სერიოზულ პოტენციალს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ შემდეგ არჩევნებზე უკეთეს შედეგს დადებს“, - განაცხადა ალასანიამ.