ევროკავშირის საბჭომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.
„საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ურთიერთობების მხრივ, ევროკავშირი გააგრძელებს ფოკუსირებას ასოცირების შეთანმხების განხორციელების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს ამ სამ ქვეყანაში რეფორმების პროცესს”, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ მოლდოვა უკვე სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით.
“2016 წლის პირველ ნახევარში ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ მას შემდეგ, რაც დაადასტურა, რომ მათ წარმატებით დააკმაყოფილეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი”, - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში საუბარია 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც.
“ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საერთო ჯამში მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით. საარჩევნო უბნებთან და უბნებზე მომხდარი ძალადობის ზოგიერთი ინციდენტის გარდა, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები იყო კომპეტენტური, კარგად ადმინისტრირებული და გაიმართა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, როგორც კი საარჩევნო პროცესი დასრულდება და მოუწოდებს პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“,- ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში კონფლიქტის შედეგების დასაძლევად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის საშუალებით.
„ევროკავშირი დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთგული”, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დემოკრატიული და სტაბილური აღმოსავლეთ სამეზობლო ევროკავშირისთვის პრიორიტეტად რჩება. ევროკავშირის მიდგომა აღმოსალეთ პარტნიორობის წევრებისადმი ეფუძნება 2015 წელს რიგაში სამიტის დროს შეთანხმებულ პრინციპებს.