ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“, - ფრთები შეესხმება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამგვარი წესისათვის, როგორც თავად საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, „პოპულარიზაციის გაწევასა და მყარად დანერგვას“ სამეგრელოს მთავრების ისტორიული ბაღი ეწირება.
მიუხედავად იმისა, რომ დადიანისეულ ბოტანიკურ ბაღში კილომეტრის მანძილზე, ათი მეტრის სიგანეში ხეთა რიგი უკვე გაჩეხილია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამუშაოთა შემსრულებელი კომპანია „სანის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საუკუნოვანი ხეები არავის მოუჭრია. მათ შეფასებას თუ დავუჯერებთ, ბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ სანიტარული ჭრა განხორციელდა.
ველოტრასის მშენებლობის ადგილზე კი presage.tv-ს სულ სხვა სურათი დახვდა - ხის უზარმაზარი მორები, ხის მჭრელი, ე.წ. „დრუჟბა“, გაკაფული ხის მასივი, მოხრეშილი ველოტრასა, მწყობრიდან გამოსული ბულდოზერი და საგონებელში ჩავარდნილი მუშები. ერთ-ერთი მათგანი კი განმარტავს, რომ ერთკილომეტრიანი ველოტრასა ორი მიმართულებით ყოფილი ტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიამდე გაშენდება და უკან, მშენებარე პარკს შეუერთდება.
სამშენებლო კომპანია „სანში“presage.tv-ის ველოტრასის პროექტის ნახაზი გააცნეს, თუმცა ოფიციალური კომენტარის მისაღებად დამკვეთთან, შპს „ანაკლია-განმუხური რესორტთან“ გადაამისამართეს. პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მეორე სართულზე განთავსებულ ოფისში „ანაკლია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. მისმა ხელმძღვანელმა, ბადრი მესხიამ კი presage.tv-ის სატელეფონო ზარებს მას შემდეგ არ უპასუხა, რაც შეკითხვის შინაარსი შეიტყო.
კომპანია „სანში“ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე, მხოლოდ, ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობა იგეგმება. „სანის“ წარმომადგენელი, ფელიქს გვარამია განმარტავს, რომ მომავალში ტრასის გაფართოვებაც იგეგმება და იგი ბოტანიკური ბაღის მთელ რადიუსში გაშენდება. ამავე პროექტის მიხედვით ველოტრასა ბაღის შიდა ტერიტორიაზეც შეაღწევს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც იქ არსებული მდგომარეობის გამო, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ერთი თვის წინ ეკონომიკის სამინისტროდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. ზუგდიდელების მოლოდინმა, ამ ცვლილებით, თითქოს, დადიანების ისტორიული ბაღი გადაშენებას გადაურჩებოდა, არ გაამართლა. presage.tv-სთან საუბარში მოსახლეობის დიდი ნაწილი გულისწყრომას გამოხატავს და ბაღის გავერანებას წინასწარმეტყველებს, თუმცა ვიდეოკამერების წინ ღიად საუბარს ერიდება.
ჯერჯერობით, ერთადერთი, ვინც ველოტრასის მშენებლობით ბოტანიკური ბაღის გაჩეხვის ფაქტს აპროტესტებს, „დაიცავი საქართველოს“ წევრი, კახა მიქაიაა. მისი შეფასებით, ხელისუფლება დადიანების ბაღს მიზანმიმართულად ანადგურებს.
„ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქ ველოტრასას კი არა ავტობანს აშენებს. მოჭრილია ასწლოვანი ხეები. ბაღი საჭიროებს რეაბილიტაციას, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს კომუნისტების ტრადიციას და ანადგურებს ბოტანიკურ ბაღს. მითხრეს, რომ აქ არ იდგა ასწლოვანი ხეები... აქ იდგა ასწლოვანი ხეები. შეხედეთ ამ ხეებს. 2003 წელს ხომ არ დარგო სააკაშვილმა ეს ხეები? 8-9 წლის ხომ არ არის ეს ხეები? იქნებ ეს ბაღიც არ არის დადიანების და იქნებ სააკაშვილის ან ქობალიას ბაღია? მე არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა დადიანების ბაღსაც შეუცვალოს სახელი, აქ გააკეთოს ავტობანი, რესტორანი, კაფეები და საერთოდ გაანადგუროს ბოტანიკური ბაღი“, - აცხადებს მიქაია.
კახა მიქაია დადიანისეული ბაღის გადასარჩენად საზოგადოებას, ზუგდიდელებსა და პოლიტიკურ პარტიებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.