საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გმობს.
როგორც საქართველოს პირველი პირი მიიჩნევს, ეს ქმედება მიზნად რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას ისახავს, რის გამოც გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის პოზიცია მედიას მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
"მოგეხსენებათ, ეს არის მოსკოვისა და სოხუმის ე.წ. ხელისუფლებას შორის, 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანამდევი პროცესის გაგრძელება. რეალურად კი, ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას. პრეზიდენტი გმობს ამ ფაქტს და საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს, რაც პრეზიდენტის აზრით, საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს", - განაცხადა მიშველაძემ.