"მამაკაცი, რომელმაც თავი აიფეთქა, აფხაზ პოლიტიკოსზე თავდასხმას გეგმავდა"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, მუჰამედ კილბას განცხადებით, პირი, რომელმაც გუშინ სოხუმში თავი აიფეთქა, აფხაზ პოლიტიკოსზე თავდასხმას გეგმავდა.

sputnik-abkhazia.ru კილბაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული პირი იდენტიფიცირებულია.

"ის იმ მიზნით ჩამოვიდა აფხაზეთში, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პირზე თავდასხმა განეხორციელებინა. ის აფხაზეთში პირველად ზაფხულში ჩამოვიდა, მეორეჯერ კი - 2 ოქტომბერს. მამაკაცის ვინაობა დადგენილია, ახლა მისი კავშირების დადგენა მიმდინარეობს. საინტერესოა, აგრეთვე მისი კონტაქტები რუსეთში, ამ ნაწილს ჩვენი რუსი კოლეგები დაჩქარებულ რეჟიმში ადგენენ, რადგან მსგავსი საქმიანობა მას რუსეთშიც შეეძლო, განეხორციელებინა",-აცხადებს კილბა.

მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება ნასამართლევი იყო.

ცნობისთვის, გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე, მამაკაცმა თავი აიფეთქა.