აზრს ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაში, მითუმეტეს რომ, როგორც ჩანს, მათი ლიდერები „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მოქმედებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.
ვაშაძე ინიციატივის ავტორებთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ფაქტობრივად შემდგარია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, ილუზიაა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, ვინაიდან ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“. აზრს ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაში, მითუმეტეს, მათი ლიდერებიც, როგორც ჩანს, შეთანხმებულად მოქმედებენ „ქართულ ოცნებასთან“. რა აზრი აქვს მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საერთოდ არ ასხივებს არანაირ ბრძოლის უნარს მეორე ტურისთვის?“ - აცხადებს ვაშაძე.
რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მოქმედებენ, ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთი „ნაციონალური მოძრაობა“ და პირიქით.
„ეს პოზიცია-ოპოზიციობანას თამაშია. სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შევძელით იმ რეზულტატის ჩვენება, რაც უნდა გვეჩვენებინა ამ არჩევნებზე, შუა ხმები მაინც ბოლომდე გაიკრიფა ამ ორ ძალას შორის. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ხელისუფლება ერთპარტიული იქნება, ერთპარტიული უკვე არის ხელისუფლება, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ არანაირი კოალიცია აღარ დასჭირდება და უბრალო უმრავლესობითაც დააკომპლექტებს ხელისუფლებას. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, შეიცავს დამატებით საფრთხეებს, მაგრამ იმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც უკვე ფაქტობრივად შემდგარია, მითუმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, უბრალოდ ილუზია მგონია და მეტი არაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას. მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.