არჩევნების თარიღი სპეციალურად დაინიშნა ადრე, რომ ვერ მოასწრონ მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა მომზადება, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა.
კითხვაზე, რა შანსები აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ტურში, რურუა აცხადებს, რომ წინასწარ მას ამის თქმა არ უნდა.
”ჩვენ უნდა შევძლოთ და ავუხსნათ ხალხს ის საფრთხე, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაქვს. წესით ”ქართულმა ოცნებამ” ასეთი უმრავლესობა ვერ უნდა მოიპოვოს, რადგან ეს არის საღ აზრთან სერიოზულ აცდენაში, აბსოლუტური ძალაუფლება არის ძალიან საშიში. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ის დაინიშნა ცხადია ძალიან ადრე და ეს თარიღი სპეციალურად არის შერჩეული ვერ მოასწრონ მომზადება მეორე ტურებში გასულმა კანდიდატებმა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავუხსნათ ამომრჩეველს, რომ აბსოლუტური ძალაუფლება ძალიან საშიშია. შანსები არის არასწორი, მეორე მხარეს არის მობილიზებული მთელი სახელმწიფო რესურსი”, - განაცხადა ნიკა რურუამ.
რაც შეეხება არჩევნების პირველ ტურს, რურუას თქმით, პირველი ტური გაყალბდა და გაყალბების ერთ-ერთ მაგალითად მაჟორიტარობის კანდიდატმა იუსტიციის სამინისტროს მიერ აგვისტოსა და სექტემბერში გაცემული პირადობების დიდი რაოდენობა დაასახელა. რურუას თქმით, აგვისტო-სექტემბერში 7-8-ჯერ მეტი პირადობა გაიცა ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. რურუა მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული საბუთები არჩევნების გაყალბებისთვის იქნა გამოყენებული.