ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
შავგულიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ერთპარტიული დიქტატურის ძალიან მძიმე სურათს, რომელიც ამავდროულად არაფორმალური ავტოკრატიული მმართველობის სახით განხორციელდება.
როგორც შავგულიძე სამოქალაქო სექტორის მიმართვის საპასუხოდ აცხადებს, „თავისუფალი დემოკრატების“ ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ პარტიის კანდიდატმა ჭიათურაში მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვოს.
„მეტად სახიფათოა საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელში, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების სრული უზურპაცია. „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა მხოლოდ იმისთვის, რომ ყველა ინსტიტუცია საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა, მათ შორის, ისეთი ისტიტუციები, რომლებიც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებლად საჭიროებენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, როგორიცაა პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება, კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი როგორც სასამართლოზე, ისე აღმასრულებელ ხელისულებაზე - საკონსტიტუციო სასამართლო. ვხედავთ, როგორ გაშმაგებით ცდილობს „ქართული ოცნება“, სრულად გააკონტროლოს მედია, როგორ დაუქვემდებარა საკუთარ კონტროლს საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა... ეს არის აბსოლუტური ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იმავდროულად ხორციელდება ძალიან ცუდი ფორმით - არაფორმალური ავტოკრატიული მმართველობის ფორმით. ეს ერთი პარტია, რომელიც ექვემდებარება ერთი ავტოკრატი არაფორმალური მმართველის ნებას, აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას. ერთადერთი რაც მათ აკლდათ, ეს იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და თუ ამ უმრავლესობასაც მოიპოვებენ, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს ერთპარტიული დიქტატურისა, რომელიც განხორციელდება არაფორმალური ავტოკრატიული მმართველობის სახით. ეს არის დიდი საშიშროება და ჩვენს ამომრჩეველს მართებს, რომ კარგად დაფიქრდეს“, - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლს ვერ გაუძლებენ, გადავლენ ამ ძალაუფლების საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენებაზე და შემდეგ უკვე - ძალადობაზე, რათა ვერავინ ამხილოს ისინი. შავგულიძემ მიიჩნევს, რომ ამ ძალადობას საზოგადოება არ აიტანს და „ქართული ოცნება“ დაკარგავს ხელისუფლებას, მაგრამ მანამდე ბევრის დაშავებას შეძლებს.
„ჩვენი პარტია, მიუხედავად იმ პერიპეტიებისა, რაც ხდება, შევეცდებით დავდგეთ ფეხზე და შევთავაზოთ რეალურად ის მესამე არჩევანი ქართველ ამომრჩეველს, ხოლო მანამდე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მოვუწოდოთ ან „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ამომრჩეველს. ამ პასუხისმგებლობას პიროვნულად მე ვერ ავიღებ და ვერ აიღებენ ის წარმომადგენლები ჩვენი პარტიის, რომლებიც დავრჩით პარტიაში. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან კონსტიტუციასაც მოირგებენ საკუთარ ინტერესებზე, არათუ ამ ინსტიტუციებს, რომლებსაც ფაქტობრივად უკვე აკონტროლებენ, მაგრამ ამ ვითარებისდა მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს ის პოზიცია, რომ მოვუწოდოთ ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერისკენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ის შეცდომები აქვს სულ ახლო წარსულში დაშვებული, რა შეცდომებასაც ახლა იმეორებს „ქართული ოცნება“. თან ამას ერთვის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გათავისუფლებული იმ ლიდერებისგან, რომელთაც სწორედ ასეთი ძალადობრივი რეჟიმი დაამყარეს, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი მოწოდებით არ მივმართავთ ამომრჩეველს, ამომრჩეველმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნა. ამომრჩეველს მართებს გონივრული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენ ამომრჩეველს არ მივმართავთ მოწოდებით, რომ მხარი დაუწიროს მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ძალიან ცუდი შედეგები, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების დიდი ნაწილი გახდა „ქართული ოცნების“ წევრი. სწორედ მაშინ, როდესაც მე დავტოვე „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებით შეივსო უმრავლესობა, 12 მაჟორიტარი გადავიდა ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ “ქართულ ოცნებაში“. ასე რომ, მე ისიც არ ვიცი, რა ნაბიჯს გადადგამს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარები შემდეგ და რამდენად არ მოემსახურება საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამდენად პასუხისმგებლობის აღება, რას იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მძლავრად ყოფნის შემთხვევაში, დღეს მე ნამდვილად არ შემიძლია“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას. მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.