„ქართულ ოცნებას“ თუ არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს წაადგება დემოკრატიულ პროცესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის უკეთესი.
„იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს წაადგება დემოკრატიულ პროცესს, რაც ყველას ინტერესშია. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის უკეთესი - ჰქონდეს სრული კარტბლანში „ქართულ ოცნებას“ და მან თავის ნებაზე შეცვალოს კონსტიტუცია, თუ ის, რომ არსებობდეს „ქართული ოცნების“ გაწონასწორების მექანიზმი პოლიტიკური ოპოზიციის სახით. ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი, საზოგადოებამ თავისი და დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა კახიძემ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც, როგორც ისინი აღნიშნავენ, მიმართავენ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ( "საქართველოს რესპუბლიკურ პარტია", "ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატები", "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალ მემარჯვენეები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"), რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.
ამასთან, მიმართვის ორი ვერსია გავრცელდა. თავდაპირველ ვერსიაში მიმართვის ადრესატებს შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იყო. მეორე ვერსიაში კი ადრესატებიდან პრეზიდენტი ამოიღეს.
ახალ ვერსიაში, გარდა მიმართვის ადრესატთა სიიდან პრეზიდენტის ამოღებისა, ხელმომწერთა სიიდან ამოიღეს ზვიად დევდარიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმართვასთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებული არ არის.