დაწყებული კამპანიის მიზანია კონსტიტუციის გასაღები “ნაციონალურ მოძრაობას” ედოს ჯიბეში, რომ ოთხი წლის განმავლობაში ევაჭროს ხელისუფლებას

დაწყებული კამპანიის მიზანია კონსტიტუციის გასაღები “ნაციონალურ მოძრაობას” ედოს ჯიბეში, რომ ოთხი წლის განმავლობაში ევაჭროს ხელისუფლებას

საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით აგორებული კამპანიის მთავარი თემა სინამდვილეში არის ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” გადასარჩენად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვის საპასუხოდ აცხადებს, რომელიც ამომრჩეველს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგო კამპანიით "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ვერ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები მათ გარეშე, რაც, მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

"ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობიდან მომდინარე საფრთხის თემა დღეს ააგორა სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც, თავის დროზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოიყენა და ავტორიტარულ მმართველობას მოარგო კონსტიტუცია. ამ კამპანით იმის მიღწევას ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის გარეშე ანუ კონსტიტუციის გასაღები “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ედოს ჯიბეში, რაც მას საშუალებას მიცემს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ევაჭროს ხელისუფლებას და ოპოზიციის უპირობო ლიდერის და გამაერთიანებლის როლი შეიძინოს, რაც ახალი პოლიტიკური სიცოცხლის პერსპექტივას უხსნის. ასე რომ, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით აგორებული კამპანიის მთავარი თემა სინამდვილეში არის ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” გადასარჩენად და სწორედ ამიტომ, პარტიებმაც და ამომრჩევლებმაც მეორე ტურში არჩევანი საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უნდა გააკეთონ და ამ არჩევანით იპოვონ საკუთარი ადგილი", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე დღეს სრული თანხმობა არსებობს.

"საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ დაპირებას, თუმცა, წინა მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლო ამის გაკეთება, რადგან არ ჰყავდა საკმარისი უმრავლესობა. ამიტომაც იყო შექმნილი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ვერანაირი შედეგი ვერ დადო!

აქედან გამომდინარე, საქართველოში დღესაც სააკაშვილის მიერ დამახინჯებული კონსტიტუცია მოქმედებს და “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიაც იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მასში ცვლილებების შეტანა მოქალაქეებს საფრთხეს უქადის, თუმცა, რა საფრთხეს, ამას არავინ ამბობს...

რასაკვირველია, ასეთი საფრთხე შეიძლება იყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის საჭირო კონსტიტუციაში კიდევ რაიმე დამატებითი ცვლილებების შეტანა, სააკაშვილმა ყველა ასეთი ცვლილება უკვე შეიტანა. თუ ხელისუფლებას მსგავსი სურვილი აღმოაჩნდა და მოქალაქეებმა ამისი ნება დავრთეთ, ავტორიტარიზმი მშვენივრად განხორციელდება სწორედ არსებული კონსტიტუციის პირობებში, რაც ხდებოდა კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” მართველობის დროს", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღემდე არავის უსაუბრია „ოდნავ მაინც დამაჯერებელ არგუმენტზე“, რომელიც იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წაახალისებს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ავტორიტარული მმართველის შექმნას და ძალაუფლების უზურპაციას შეუწყობს ხელს.

"ტრადიციისამებრ მთავარი სამიზნე და დარტყმის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი ხდება ხოლმე და ახლაც მთავარ მოწოდებად ისმის, რომ ივანიშვილს არ მივცეთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საშუალებაო, თუმცა, არავის მოუყვანია ოდნავ მაინც დამაჯერებელი არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება რაიმე ფორმით წაახალისოს იმგვარი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ავტორიტარული მმართველის შექმნას და ძალაუფლების უზურპაციას შეუწყობს ხელს, მითუმეტეს, მას უკვე აქვს ასეთი ტიპის ხელისუფლებასთან ჯერ თანამშრომლობის და შემდეგ მწვავე დაპირისპირების დიდი გამოცდილება...და რისთვის სჭირდება ეს ბიძინა ივანიშვილს? არ სჭირდება და ეს სრულიად ცხადია. სჭირდება ეს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ? გაანალიზეთ მისი მართვის სტილი და იოლად დაასკვნით რომ არ სჭირდება. ეს სჭირდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მკაფიო გამიჯვნას და იმ ვერაგობის გამოსწორებას, რაც ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ". მეორე ტურში ხმის მიცემა "ნაცმოძრაობისთვის" წარსული ძალადაობისა და უკანონობისთვის ხმის მიცემის ტოლფასია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.