დარწმუნებული ვარ, რომ

დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება“, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში, ღირსეულად გაართმევს მოსახლეობის ნდობას თავს

 

დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში, ღირსეულად გაართმევს მოსახლეობის ნდობას თავს, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდებას პროდასავლურ პარტიებისადმი, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მთავრობა და გუნდი არის პროდასავლური და ეს აღიარებულია ყველას მიერ დედამიწაზე, ვინც ოდნავ ობიექტურად უყურებს ფაქტორებს.

"სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რეალურად დასრულების ფაზაზეა მისული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გადადგა უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯები ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით. ასე, რომ არავის დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, ვისაც არ უნდა ეს დაინახოს, ეჭვი არ ეპარება, "ქართული ოცნების" პროდასავლურობაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი, მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს "ქართულ ოცნებას", მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება", როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში, ღირსეულად გაართმევს ამ ნდობას თავს", - განაცხადა ხადურმა.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას.

მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.