ლარა ლინდერმანი:   „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის დახვეწაზე „ნაცმოძრაობასთან“ უნდა იმუშაოს

ლარა ლინდერმანი: „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის დახვეწაზე „ნაცმოძრაობასთან“ უნდა იმუშაოს

„ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის დახვეწაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა იმუშაოს, ნაკლები ყურადღება დაუთმოს კინკლაობას, წარსულის მოვლენებს და გაიხედოს წინ, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ლარა ლინდერმანმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლინდერმანმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და დემოკრატიული განვითარებისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ცალსახაა, რომ მთავარი მოგება „ქართულ ოცნებას“ დარჩა. როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილურობის შენარჩუნება სურთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გამარჯვებულია მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ვნახეთ, რომ ვერც ერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. „ქართულ ოცნებას“ ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის, თუმცა ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთნ“ მუშაობა და ერთად მართვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა ლინდერმანმა.

მისივე თქმით, ვერ იტყოდა, რომ მთლიანობაში პროდასავლურმა პარტიებმა დამარცხება იწვნიეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია. ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ ან „რესპუბლიკურ პარტიას“, ამ პარატიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. „პატრიოტთა ალიანსს“ სავარაუდოდ 6 პარლამენტარი ეყოლება. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მმართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან. ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პაროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან“, - განაცხადა ლინდერმანმა.

არჩევნების მიმდინარეობას რაც შეეხება, ლარა ლინდერმანი აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა სრულყოფილი და უნაკლო პროცესი, იყო ძალადობის და ზეწოლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად, მედია იყო მრავალფეროვანი, კამპანია კი - ენერგიული, წარსულთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვა, ამიტომაც, ეს არჩევნები წინგადადგმულ ნაბიჯია.

ლარა ლინდერმანმა ასევე ისაუბრა არაფორმალური ლიდერების ჩართულობაზე საარჩევნო პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილ-სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან გავლენ.

„ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს “არაფორმალურ” ძალაუფლებას, შემაშფოთებელია“. „უკეთეს შემთხვევაში, ის გააგრძელებს უკან დახევას და საშუალებას მისცემს „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს ასპარეზზე გამოვიდნენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ გაუთვლელი ნაბიჯები ენმ-ის კამპანიაში, როცა არჩევნები იყო გათანაბრებული რეფერენდუმთან, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაეწყვიტა. ამ რიტორიკამ ამომრჩეველში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და საერთოდ, ვფიქრობ, ხალხს სურს ივანიშვილ-სააკაშვილის დინამიკას გასცდეს. იმედი მაქვს, ორივე ლიდერი ქართული პოლიტიკიდან გავა და საშუალებას მისცემს პარტიებსა და პლატფორმებს საქმე გააკეთონ“, - განაცხადა ლინდერმანმა.