იტყუება არა იუსტიციის მინისტრი, არამედ - ოთარ კახიძე, რადგან სტრასბურგის სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია და ამაზე არც დიდი პალატა იმსჯელებს

იტყუება არა იუსტიციის მინისტრი, არამედ - ოთარ კახიძე, რადგან სტრასბურგის სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია და ამაზე არც დიდი პალატა იმსჯელებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობის საჩივარი დასაშვებადაა მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში არ შედის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა და, რომელიც მისი საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების ჩატარებას ეხებოდა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.

„მათ შორის, ეს ეხება გადაწყვეტილებას, რომლითაც გარკვეული საჯარიმო სანქციები იყო განსაზღვრული. გადაწყვეტილება იქამდე არ ამოქმედდება, ვიდრე დიდი პალატა ამ საჩივარს საბოლოოდ არ განიხილავს. მთავრობის საჩივრის განაცხადის დასაშვებად ცნობა ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ამ საქმეზე სრული შემადგენლობით იმსჯელებს“, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია და ამაზე არც დიდი პალატა იმსჯელებს.

„იტყუება არა იუსტიციის მინისტრი, როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, არამედ - თავად კახიძე, რადგან უკვე გამოტანილ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია და ამაზე არც დიდი პალატა იმსჯელებს. ასეთი ტერმინოლოგიით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მსჯელობს და გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ბატონ კახიძეს და მის მეგობრებს მოუწევთ, დიდი პალატის გადაწყვეტილებას დაელოდონ. წინასწარი დაპირებებით და პოლიტიკური ლოზუნგებით ეს გადაწყვეტილება ვერც დაჩქარდება, ვერც  შეიცვლება და ვერც მათთვის სასურველ სახეს მიიღებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, "იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა. სასამართლოს საჩივარი არ დაუკმაყოფილებია, ეს არის სიცრუე. საჩივარი მიიღო წარმოებაში დიდმა პალატამ. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ევროპის სასამართლოს წინაშე, რომ ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დევნას პოლიტიკური მოტივაციით”, -განაცხადა ოთო კახიძემ.