"თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა ძალიან ეფექტიანი მმართველობა იქნება"

"რესპუბლიკელების" წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა ძალიან ეფექტიანი მმართველობა იქნება, რადგან კანონების მიღებაზე დიდი დრო არ დაიხარჯება.

მისივე თქმით, არჩევნების შედაგად პარლამენტში პოლარიზებული სპექტრია და ფაქტობრივად  ორპარტიული პარლამენტა, რადგან ხმალაძე მიიჩნევს, რომ მესამე ძალის წარმომადგენლობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ისინი რეალური ზეგავლენის მოხდენას ვერ შეძლებენ

"ქართულ ოცნებას" 75%-იანი, ან დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტპროცენტიანი უმრავლესობა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ამ ერთ პარტიას სრული ძალაუფლება, კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა გადასცა. ეს პარტია ცდუნების წინაშე აღმოჩნდა, როცა შეუძლია, არავის მოელაპარაკოს, არავის არაფერი შეუთანხმოს და ოპოზიციამ რაც უნდა თქვას, ყველაფერი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. ხიფათი სწორედ ამაშია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთპარტიული უმრავლესობა ამგვარად მოქცევის ცდუნებას დიდხანს ვერ უმკლავდება. ამის მაგალითი ორჯერ გვქონდა. პირველი ეს იყო "მრგვალი მაგიდის", მეორე კი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება", - განაცხადა ხმალაძემ.

ამასთან, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით,  თუ "ნაციონალური მოძრაობა" მეტი წევრებით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, მათ არაკონსტრუქციული მოქმედების მეტი საშუალება ექნებათ.

"4 წელი ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო და მათი მხრიდან საკანონმდებლო პროცესის მიმართ კონსტრუქციული მიდგომა არ მახსენდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ახალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" კონსტრუქციული იქნება.  მე მხარს დავუჭერდი "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატს და სხვასაც ამისკენ მოვუწოდებდი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს რაც შეეხება, აქ ასე ვერ მოვიქცევი, რადგან კარგად მახსოვს მათი პოზიციები როგორც 9-წლიანი მმართველობის დროს, ასევე წინა 4 წლის განმავლობაში, როცა ისინი ოპოზიციაში იყვნენ. მე დავფიქრდებოდი, ხომ არ სჯობს "ქართულ ოცნებას" ბარემ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, რომ საკითხის გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ვერ შეძლონ. "რესპუბლიკელების" ამომრჩეველი ბევრი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ისინი საკმარისად გონიერები არიან, გადაწყვეტილებას თავიანთი ანალიზის საფუძველზე მიირებენ და არა იმის მიხედვით, ჩვენ რას ვუკარნახებთ. ამიტომ,  მე მათ  არ ვაკადრებ რეკომენდაციას, თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

 

 

 

A2