სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა

დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოდან წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, ის არ მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობის სახელით, იუსტიციის სამინისტრომ მერაბიშვილის საქმეზე ივნისში გამოტანილი გადაწვეტილება გაასაჩივრა, რომელიც შეეხებოდა ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს და მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანას.

ამ თემაზე  იუსტიციის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 17 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და არ მიექცევა აღსასრულებლად. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან.

მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს განიხილა წარმოდგენილი არგუმენტები და იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივარი დასაშვებად ცნო. იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, პირველად დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. მანამდე მიღებულ ყველა პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლო, როდესაც არ დაადგენდა კონვენციის მე-5.1. მუხლის დარღვევას (ანუ, როდესაც წინასწარი პატიმრობა კანონიერად ჩაითვლებოდა), ავტომატურად მე-18 მუხლის დარღვევასაც დაუდგენლად მიიჩნევდა, ან საერთოდ აღარ განიხილავდა ხოლმე საქმეს მე-18 მუხლის ჭრილში. უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი გადაწყვეტილება, როდესაც არ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობა უკანონოდ იქნა მიჩნეული.

იუსტიციის სამინისტრო აპელირებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტის თანახმად, მე-18 მუხლის დარღვევის მტკიცების სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოტივის არსებობა უნდა იყოს აბსოლუტურად ცხადი და ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რაც მერაბიშვილის საქმეზე მხოლოდ მისივე სათუო და ზედაპირული განცხადებებით იყო გამყარებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ თავად სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად მიიჩნია, ხოლო სახეზე არ იყო 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ცალსახად დამადასტურებელი მტკიცებულება ან უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა პალატამ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გადაუხვია მე-18 მუხლთან მიმართებით მანამდე დადგენილ სტანდარტებს.

ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ამიერიდან სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს, რომელიც საქმის გარემოებების განხილვას თავიდან შეუდგება. როგორც სასამართლოს წერილშია აღნიშნული, დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მეორე მხარესაც და დიდი პალატა მომდევნო პროცედურის შესახებ მხარეთა ინფორმირებას მოკლე ვადებში მოახდენს”, - ნათქვამია განცხადებაში.