გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თარგამაძემ განუცხადა, ის ინფორმაციები, რაც შსს-მ გაავრცელა, არაფრისმომცემია და საქმის გახსნასთან ახლოსაც კი არ დგას.

დეპუტატის თქმით, ის არც დაკავებულს და არც ქვეყნიდან წასულ ბრალდებულს არ იცნობს. თარგამაძე დარწმუნებულია, რომ დაკავებულ ბორის ჩაგუნავას მისი მანქანის აფეთქების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამაზე ჩაგუნავასთვის წაყენებული ბრალიც მეტყველებს.

”პრემიერმა პირველივე საათებში, სრულიად ურცხვად, ივანიშვილის თუ არ ვიცი ვისი შეკვეთის ძირითადი აქცენტები დასვა თავიდანვე, უკრაინასთან მიმართებაში. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ აშკარად სჭირდებოდათ გახსნის გამოცხადება არჩევნებამდე. ჩაატარეს ოთხ ადგილას რაღაც წარმოდგენა სპეცრაზმელების სირბილით, რამაც მოიტანა არაფერი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომ ვისაც ესენი ბრალს დებენ და რატომ დებენ ჯერჯერობით გასაგები არაა, ის აღარ იმყოფება ქვეყანაში. ამის შემდეგ მინისტრმა დააანონსა რაღაც, დღეს კი მივიღეთ ისევ არაფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირშია მათ მიერ ბრალდებულთან და იმის გამო, რომ მანქანა მასზე იყო გაფორმებული, მხოლოდ ამის გამო დააკავეს. მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან, ბრალიც კი წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი დიდი ალბათობით საერთოდ არანაირ კავშირში არაა ამ ყველაფერთან”, - განაცხადა თარგამაძემ.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, არ შეიძლება საქმე გახსნილად გამოცხადდეს იმ ფონზე, როდესაც რეალურ საგამოძიებო მოქმედებებს სამართალდამცველები ახლა იწყებენ.

”ორი დღის წინ მიმართეს პარტიას, კონკრეტული რიცხვის, კონკრეტული საათების კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით და იმ განჩინებაში, დაახლოებით 40-მდე კამერის ჩანაწერის ამოღების მოთხოვნაა კიდევ. ანუ ახლა იღებენ ამ მონაცემებს და რა გახსნაზეა საერთოდ ლაპარაკი?! სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები რომ წარმოადგინეს, ესეც არაფერს ნიშნავს. ჯერ არ უთქვამთ ყოველ შემთხვევაში, კონკრეტულად რომელი ნივთიერების გამოყენებით, რა მექანიზმით განხორციელდა ეს ტერაქტი. ასეთი მომენტების გარეშე საქმე გახსნილად არ შეიძლება ჩაითვალოს, ახლოსაც კი არაა ეს ყველაფერი გახსნასთან და ისევ დაიწყეს თავიდან, თავხედურად ისევ იგივე ვერსიის გაცოცხლება და უკრაინის აქცენტების დასმა, რომელზეც დღეს ბატონმა ვოლსკიმ ისაუბრა. მათ მიერ ბრალდებულის მამამ ეს ვერსია საბოლოოდ გაუფუჭა, როდესაც თქვა, რომ ეს კაცი ყოველთვის რუსეთში იყო და ახლაც იქ არის. მაგრამ ამის მიუხედავად ბატონი ვოლსკი მაინც უკრაინაზე აკეთებს აქცენტს, იმიტომ, რომ ასე უნდა და ასე აწყობს. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ასე დარჩება და რიტორიკაც ისეთივე იქნება, როგორიც დღესაა”, - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ საქმის გამოძიებამ ინტერესი დაკარგა, ვინაიდან როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ყველა მოქმედება დაკავშირებული იყო წინასაარჩევნო პერიოდთან.

”პერიოდულად ახსენდებათ პროცედურები, მაგრამ მერე ავიწყდებათ. მე ვთხოვე ჩემი მეუღლის მანქანის შემოწმება ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს, მაგრამ თავი არ შეუწუხებიათ. ამის მერე იმ მანქანას მე არ მივკარებივარ. ნივთებსაც კი დიდი წვალებით ვიბრუნებთ. მე პრეტენზია არ მაქვს შსს-ს გამომძიებლებთან, ისინი ყველაფერზე იძულებულები არიან დაეკითხონ პროკურატურას და უკეთეს შემთხვევაში იქიდან პასუხს იღებენ რამდენიმე დღეში”, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

დეპუტატის თქმით, საქმის გამოძიება ადეკვატური მუხლით არ მიმდინარეობს, რაც შესაბამისად გამოძიებისადმი უნდობლობის საკითხს დღის წესრიგში აყენებს.

”თუ ტერორიზმის მუხლი არ ესადაგება, მეტი რა უნდა ესადაგებოდეს, მე არ ვიცი ამ საქმეს. რა პასუხს აძლევენ იმ დაშავებულებს, ერთ-ერთს განსაკუთრებით, რომელიც დღესაც იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ისინი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო არიან ასეთ ვითარებაში?! ისინი რეალურად ხომ ტერაქტის გამო არიან დაზარალებულები. როცა ამის გაკეთებაც არ უნდათ და როცა არაფერი გვაქვს საქმის გახსნილად გამოცხადებისას, რას უნდა ვენდო ეგეც არ ვიცი”, - განაცხადა თარგამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია. ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

უწყებამ ასევე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.