პრეზიდენტი არჩეული უნდა იყოს არაპირდაპირი წესით, თუმცა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ამრჩევთა კოლეგიის მიერ

პრეზიდენტი არჩეული უნდა იყოს არაპირდაპირი წესით, თუმცა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ამრჩევთა კოლეგიის მიერ

ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ პრეზიდენტის პარლამეტის მიერ არჩევა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,რესპუბლიკური პარტიიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

ხმალაძის თქმით, ის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის წინააღმდეგია, თუმცა არც საპარლამენტო არჩევას უჭერს მხარს.

მოქმედი პარლამენტარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევის წესი შეიცვლება, მნიშვნელოვანია მოხდეს რიგ ქვეყნებში არსებული მოდელის გადმოღება, სადაც პრეზიდენტის არჩევნებში პარლამენტთან ერთად, ამრჩევთა კოლეგიაც მონაწილეობს.

ხმალაძის განცხადებითვე, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, მაღალია რისკი, რომ ის ერთპარტიული იქნება. დეპუტატი არასწორ მსჯელობას უწოდებს იმ შეფასებებს, სადაც არჩევის წესსა და პრეზიდენტის უფლებების შელახვას ერთმანეთთან აიგივებენ.

„პრეზიდენტის არჩევის საკითხზე მსჯელობისას, უშვებენ არსებით შეცდომებს. არჩევის წესი მეორადია, პირველადი რეზიდენტის მოვალეობა და ფუნქციებია. სწორედ ფუნქციები განაპირობებს არჩევის წესს და არა პირიქით. პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ცალკე, კონსტიტუცია განსაზღვრავს. თქმა იმის, რომ არჩევის წესის შეცვლით, პრეზიდენტს ართმევენ მის უფლებებს ან ხდიან უფრო ძალაუფლების მქონეს, არასწორია. თქვენ თუ შეხედავთ საპარლამენტო რესპუბლიკებს, უდიდეს ნაწილში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, თუმცა არც პარლამენტის მიერ აირჩევა. სახელმწიფოთა ნაწილი პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტის, ხოლო ნაწილი ამრჩევთა კოლეგიის მიერ. ამრჩევთა კოლეგიაში შედიან, პარლამენტის წევრები და ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არჩეული, ერთი იმდენი დელეგატი. პირდაპირი წესით არჩეულ პირს ხშირად უჩნდება გარკვეული ტიპის ამბიციები. ამან შესაძლოა შექმნას არც თუ სასურველი პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით, თუმცა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ამრჩევთა კოლეგიის მიერ. თუ პარლამენტი ირჩევს, უნდა იყოს მაღალი კვორუმით არჩეული, რათა არ იყოს ერთპარტულად არჩეული. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ პრეზიდენტის პარლამეტის მიერ არჩევა, შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს,”- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.