"ნაცმოძრაობა" ხმების მოგროვებას ცდილობს" - "რესპუბლიკელები" ბარამიძის განცხადებას უარყოფენ

"რესპუბლიკელები" პარლამენტში, გაერთიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებებს უარყოფენ.

თამარ კორძაიას შეფასებით,  სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ასეთი აბსურდული განცხადებებით, მეორე ტურში ხმები მოაგროვოს.

"მსგავსი მოლაპარაკებები ჩვენთან არ ყოფილა და უსუფაშვილის და "რესპუბლიკური" პარტიის სურვილი ივანიშვილის გაპრავება რომ ყოფილიყო, მასთან როგორმე მოვახერხებდით შეთანხმებას და გვექნებოდა გარანტირებული ადგილი საქართველოს პარლამენტში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მოქმედება, რადგან აღარ არსებობდა ის საერთო ძაფი, რაც კოალიციას შეინარჩუნებდა", - განაცხადა კორძაიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარლამენტში, ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.

გია ბარამიძის თქმით, საუბარი იყო "ნაციონალური მოძრაობის", "ფორუმის", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებაზე.

"როდესაც ირაკლი ალასანიას პარტია უმრავლესობიდან გამოვიდა, საშუალება ნამდვილად იყო, გვემსჯელა, რათა პარლამენტში ახალი კონფიგურაცია შექმნილიყო. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის პრესითაც, რათა ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და პარლამენტში ვითარების შეცვლის შესაძლებლობა ყოფილიყო.

ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით. ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, "რესპუბლიკელები" იყვნენ", - განაცხადა ბარამიძემ.