ე.წ. რევოლუციური სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ გივი თარგამაძის აფეთქებაც ამის ნაწილი იყოს

ე.წ. რევოლუციური სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ გივი თარგამაძის აფეთქებაც ამის ნაწილი იყოს

ქაოსი, დაპირსპირების დაგეგმვა, ეს სცენარი მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ გივი თარგამაძის აფეთქებაც ამ სცენარის ნაწილი იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ე.წ. რევოლუციური სცენარი კვლავ დღის წესრიგშია და იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები და მხარდამჭერები რადიკალურად შეიცვლიან ან გამოხატავენ ძალიან მკაფიო პოზიციას ამ სცენართან დაკავშირებით.

გია ვოლსკის მოსაზრებით, აღნიშნული სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის აფეთქება.

„სცენარში ვგულისხმობ იმას, რასაც ღია და ფარული ჩანაწერებით საუბრობენ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები, თუ თანაგუნდელები, რასაც ჰქვია დამხობა, არეულობა, კრიზისი შექმნა, მკვლელობების გახშირება, ასეულობით მკვლელობა მოხდებაო - ასე ამბობდა სააკაშვილი „ფორბსთან“ ინტერვიუში. რომელიც მრავალგზის იყო ტირაჟირებული „რუსთავი 2“-ის მიერ. ჩამოიშლება ბიუჯეტი, დაინგრევა ეკონომიკა და ჩვენ ამ დროით უნდა ვისარგებლოთ და არ უნდა მივიყვანოთ და დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიო. შემდეგ იყო ჩანაწერები გვარამიასთან, ბოკერიასთან. განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც ჰქვია საქართველოში დაპირისპირებისა და კრიზისის სცენარი. ვფიქრობ, რომ ამ სცენარის ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ „საარჩევნო კოდექსის“ დიდი ნაწილი ყოფილიყო არაკონსტიტუციურად აღირებული, შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, ეს არის სცენარი. მე ამონაკრეფი გავაკეთე იმ ცნობებიდან და მასალებიდან, რაც ზედაპირზე დევს და ყველასთვის ცნობილია, მაგრამ არსებობს, ალბათ, უფრო დეტალურად გააზრებული ყველაფერი ის, რასაც მე სცენარი ვუწოდე და ვფიქრობ, ამის ნაწილია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე - მისი აზრით, დაგეგმეს თუ არა ეს გივი თარგამაძის თანაგუნდელებმა, გია ვოლსკის განცხადებით, არსებობენ პარტიული თანაგუნდელები და შეიძლება ჩიორა თაქთაქიშვილს, გიორგი კანდელაკს და თვითონ გივი თარგამაძეს წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამაზე, როდესაც ასეთი რაღაცეები იგეგმება.

ვოლსკის განცხადებით, არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური თანაგუნდლები ამაში მონაწილეობდნენ.

„ეს მიამიტობაა, გულუბრყვილობაა. როდესაც ასეთი დონის დაპირისპირებები იგეგმება საქართველოში, რაზეც სააკაშვილი ღიად არაერთხელ საუბრობდა, ეს ცოტა სხვანაირად ხდება, რის თაობაზეც იმედი მაქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები მიიყვანენ გამოძიებას ბოლომდე და უფრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მიისვე თქმით, თითონ ქაოსი, დაპირსპირების დაგეგმვა, ეს სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამორიცხავს, რომ აფეთქებაც იყოს ამ სცენარის ნაწილი.

„მე საკმარისად ვთქვი. ვფიქრობ, რომ მოგიყევით სიტუაცია - რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს. არ ვფიქრობ. რომ მაინცდამაინც სააკაშვილმა ჩაიფიქრა. ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან, არეულობიდან რაიმე დივიდენდის მიმღები, დაინტერესებული უამრავი მხარე, მაგრამ თითონ ქაოსი, დაპირისპირების დაგეგმვა, ეს სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ აფეთქებაც იყოს ამ სცენარის ნაწილი. როცა შენ ასეთ მდგომარეობას შექმნი საქართველოში, ან ცდილობ რომ შექმნა, ნებისმიერი თემა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს, ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია და სააკაშვილი ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. მე დასკვნებს არ ვაკეთებ. აღვწერ სიტუაციას, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.