პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა დღის წესრიგში არ აქვთ.
“გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საუკეთესო სტარტი აიღო და გუნდის გაძღოლა წარმატებით დაიწყო. დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს. ჩვენთვის გიორგი კვირიკაშვილი ის საუკეთესო პრემიერია, რომელსაც შეუძლია გუნდისა და მთავრობის ხელმძღვანელობა დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით იტვირთოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის თაობაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.