ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის

გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის, ლარი უნდა იყოს სტაბილური, რადგან ქვეყანაში შემოდინებები და გადინებები გასულ წელთან შედარებით არის პოზიტიური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ლარის კურსის თემა ბიუჯეტთან კავშირში არ არის.

„ვიზიარებ კომენტარს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. ძირითადი ფაქტორები, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა შექმნილი იყო გარკვეული მოლოდინები, რაც კურსზე აისახა. გარდა ამისა, ლარის კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს ერთჯერადი ტრანზაქციები. ჯამში ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კაკაურიძემ.