არსებობს ეჭვი, რომ ადამიანები ელემენტარულად გაიყიდნენ, ან გაურიგდნენ სახელისუფლებო ძალას

არსებობს ეჭვი, რომ ადამიანები ელემენტარულად გაიყიდნენ, ან გაურიგდნენ სახელისუფლებო ძალას

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე დავიწყეთ დეტალური ანალიზი იმისა, თუ რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე, რა შეცდომებია დაშვებული პარტიის მხრიდან რომ სწორად ავაგოთ ჩვენი სამომავლო გეგმები“, - ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კეკნაძემ განაცხადა.

კეკენაძე განმარტავს როგორია ,,თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო გეგმები არჩევნების შემდეგ, რას აპირებს პარტია განახლებული შემადგენლობით. თამარ კეკენაძის თქმით, მეორე დღესვე, როდესაც პარტიამ ვერ მოახერხა ბარიერის გადალახვა, დაიწყო პარტიის მასშტაბური რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ხუთთვიანი პერიოდის ფარგლებში მთლიანად უნდა განხორციელდეს პარტიული სტრუქტურების რეორგანიზაცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

მისი განცხადებით, ირაკლი ალასანია რჩება პარტიის თავმჯდომარედ. გამგეობა არის ახალი არჩეული და ყრილობა ჩატარებულია 2016 წლის ივლისის თვეში, გამგეობის უმეტესი წევრები რჩებიან. პარტიული სტრუქტურა ადგილზეა და პარტია განახლებული ძალებით აგრძელებს მუშაობას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, არჩევნებში მიღებულ წარუმატებლობად თამარ კეკენაძე ცალკე არც სტრატეგიას და არც პარტიის სტრუქტურას მიიჩნევს. მისი განმარტებით, ძალიან ბევრი კომპონენტია, რომლის გააზრებაც არის მნიშვნელოვანი და ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული შეცდომის შედეგად მიღებული შედეგი.

,,ჩვენ გვჭირდება დრო და უკვე დავიწყეთ დეტალურად იმ შედეგების გაანალიზება, რაც დაგვიდგა საარჩევნო უბებზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის უკვე გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. დაახლოებით 100 უბანია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ჰყავდა საკუთარი წამომადგენლები ჩვენ ვერ ავიღეთ ვერც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ერთი მხრივ, საკუთარმა პარტიის წევრებმა არ მოგვცეს ხმა, ან არის მეორე ეჭვი, რაც უფრო საფუძვლიანია - რომ ეს ადამიანები ელემენტარულად გაიყიდნენ, ან გაურიგდნენ სახელისუფლებო ძალას, ეს იყო ფული, ეს იყო სხვადასხვა კეთილდღეობების შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე განცხადებით, გამოვიდა ისე, რომ მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ ხდებოდა ბიულეტენების გაბათილება.