დააბრალეთ ივანიშვილს რაც გინდათ, გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა

დააბრალეთ ივანიშვილს რაც გინდათ, გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის და ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ, გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ამერიკულ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსში" სათაურით, "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი" გამოქვეყნდა. 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, თავისი ნიჭით, უნარითა და ფინანსებით საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ეწევა ქველმოქმედებას, რომლის ანალოგი ძნელი მოსაძებნია. აქვს თავის ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინს და თავად სააკაშვილს ერთად აღებულს. 

"ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისც, ივანიშვილის ზოგიერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ამგვარი წასვლისაც, ბოლომდე გასაგები და მისაღები არ არის ხოლმე. მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ეს ადამიანი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, თავისი ნიჭით, უნარითა და ფინანსებით საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ეწევა ქველმოქმედებას, რომლის ანალოგი ძნელი მოსაძებნია. აქვს თავის ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინს და თავად სააკაშვილს ერთად აღებულს. ცხადია, მოყვანილი ფაქტები და ივანიშვილის სხვა დამსახურებანი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველთვის და ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველთვის და ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ , გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა", - წერს დავით უსუფაშვილი. 

როგორც "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სააკაშვილმა 2011 წლის მდგომარეობით მოახერხა დასავლეთში იმგვარი სურათის შექნა, რომ თითქოს მის გარეშე საქართველო მყისვე უარს იტყოდა აშშ-სთან და ევროპასთან სტრატეგიულ კავშირზე და რუსეთს ჩაუვარდებოდა ხელში. 

დავით უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილმა დასავლეთში მართლაც დაკარგა "დემოკრატიის შუქურის სტატუსი, მაგრამ შეინარჩუნა "უალტერნატივო ჩვენიანის" სტატუსი. მაგრამ მისივე თქმით, იმაზე რაც ხდებოდა ქვეყანაში იმ წლებში, მეტყველებს 2013 და 2014 წლებში გამართული მართლაც დემოკრატიული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგები ისევე, როგორც სასამართლოების მიერ დადასტურებული დანაშაულები. 
როგორც სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიხეილ სააკაშვილს

სხვა გეგმები ჰქონდა. მისივე თქმით, სააკაშვილი ფართო ნაბიჯებით მიემართებოდა სრული პუტინიზაციისკენ პრეზიდენტის სავარძლიდან კონსტიტუციური ცვლილებებით წინასწარ მომზადებული ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრის სავარძლისკენ. 
"ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა და პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმების ჩაშლა ყველაზე მეტად სწორედ სააკაშვილისა და პრეზიდენტ პუტინის გეგმებში არ შედიოდა", - წერს დავით უსუფაშვილი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში სრული უპერსპექტივობა იყო. 

"პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პირველივე დღეებიდან მომიწია ივანიშვილის სიახლოვეს ყოფნა და თავად ვარ მოწმე იმისა, თუ რა რისკის ფასად უჯდებოდა მას ეს გადაწყვეტილება. 56 წლის ასაკში საგაზეთო ინტერვიუს მიცემისა და საჯაროდ გამოსვლის გამოცდილების გარეშე, იგი პირდაპირ სატელევიზიო დებატებში ჩაერთო. ივანიშვილი მყისიერად იქცა ხელისუფლების სამიზნედ - მისი პირადი დაცვის წევრები განაიარაღეს, ჩამოერთვა საკუთარი ვერტმფრენით სარგებლობის უფლება, მისი ოჯახის წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ", - წერს დავით უსუფაშვილი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად წნეხისა და არჩევნებამდე პოლიტიკური ზეწოლისა, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა მმართველი რეჟიმის შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით და მხოლოდ უსისხლოდ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის არგუმენტი იყო უმარტივესი - სააკაშვილის რეჟიმის შეცვლით ქვეყანა უნდა გაძლიერებულიყო და ევროპას უნდა მიახლოვებოდა და არა პირიქით - დასუსტებულიყო, ევროპულ გზას ასცდენოდა და რუსეთის ადვილ ლუკმად ქცეულიყო. 
როგორც დავით უსუფაშვილი წერს, ყველაფრის შემდეგ, ხალხის უზარმაზარი ნდობით ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი და პოლიტიკური პროცესების დალაგებისთანავე, სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან მეორე დღესვე, საკუთარი ნებით დატოვა ძალაუფლება და პოლიტიკიდან წავიდა. 

"ერთადერთი, ვინც შესაძლოა კვლავაც გააგრძელოს "პუტინ-გაზპრომ-ივანიშვილის" სერიალი, თავად სააკაშვილია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პროკურორის მიერ ბრალდებული პირი არ არის ვალდებული ილაპარაკოს სიმართლე და მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ", - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.