გაეროს გენერალურმა მდივანმა ქარიშხალ „მეთიუსგან“ დაზარალებული ჰაიტი მოინახულა. მან შეშფოთება გამოთქვა სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალის გამო და მწუხარება გამოხატა ჰუმანიტარული დახმარების სიმცირის გამო. ქალაქ ლე-კაიეს მოსახლეობასთან შეხვედრისას პან გი მუნმა განაცხადა, რომ გაერო ყველა რესურსის მობილიზებას მოახდენს, რათა სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს.
ქარიშხალი „მეთიუ“ ჰაიტის ოქტომბრის დასაწყისში დაატყდა თავს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას 900 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
ქარიშხალი „მეთიუ“ კარიბის ზღვის აუზში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ქარის სიჩქარე, ხშირ შემთხვევაში, 230 კმ/სთ-ს აღწევდა. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ჰაიტიზე, შესაძლოა, ქოლერა გავრცელდეს, ქოლერის ერთ-ერთი უძლიერესი ტალღა 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ გავრცელდა.