დედაქალაქში უკვე მეორე დღეა ”თბილისობის” დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები იმართება ორთაჭალაში, აბანოთუბნისა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეტეხის ხიდზე დილიდან გამოფენილია სპორტული ავტომობილები, ასევე მოტოციკლეტები. იქ ასევე მოწყობილია სივრცე შსს-ს კამპანიისთვის, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ეხება. კამპანიის სახელწოდებაა ”შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის”.
სპორტული ავტომობილების გამოფენა ჟურნალ ”ავტობილდის” ორგანიზებით იმართება. რიყის პარკში მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა და გაყიდვა. ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან კი სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა და გაყიდვა მიმდინარეობს. ასევე დამთვალიერებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.
დღეს ასევე ღონისძიებები იმართება ლეღვთახევში, რომელიც ასახავს მივიწყებული პროფესიების იმიტირებულ მიზანსცენებს. ტოლერანტობის სკვერში მოეწყო თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად. ასევე თბილისობის ეპიცენტრში განთავსებულია ორი სცენა, სადაც დაგეგმილია ფოლკლორის თეატრი “ნაბადის”, ანსამბლ “თბილისის”, ფოლკლორული ანსამბლ ”ხარებას”, თბილისური კვარტეტის, ჯგუფი ”გიო+”-ის, ჯგუფი ”ლენდისა” და სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები. ახალი ტფილისის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია პანტომიმის თეატრის წარმოდგენა. გაიმართება ასევე ქუჩის მუსიკოსების კონცერტი და სასულე ორკესტრის მსვლელობა.
რიყის პარკში დაგეგმილია სპორტული ღინისძიებები, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ ”ბიგ ბენდის” კონცერტი და სხვადასხვა გამოფენები და კულტურული ღონისძიებები.
საღამოს კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს ”თბილისობა 2016”-ის დაჯილდოება გაიმართება. ასევე დღეს გაიმართება „თბილისზე მზრუნველის“ დაჯილდოებაც. 21.00 საათზე კი ახალ თბილისში მოეწყობა ”თბილისული ეზო”, ასევე, 21:00 საათიდან დაიწყება თბილისის მეიდანზე გალა-კონცერტი ”ჩემო თბილის ქალაქო”. 23.00 საათიდან 2 საათის განმავლობაში ახალ თბილისში თბილისელების განწყობაზე იზრუნებს დი-ჯეი DaCha.