სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ ისე, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა არ იყოს მისი ტრაგედიის მიზეზი, - ამის შესახებ ”გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ ყოველდღიური ბრძოლა საკუთარი იდენტობისთვის. ჩვენი სახელმწიფო ვერც კულტურულ და ვერც სამართლებრივ დონეზე ვერ იღებს მათ იდენტობას, მათი ცხოვრებისეული არჩევანი შეზღუდულია. მათი ადამიანური უფლებები დაუცველია, მათი სტატუსი საზოგადოებაში სტიგმატიზებულია, პოლიციის მიერ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ ხერხდება.
რეალობა არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება არის ზიზღნარევი სიძულვილი, რის გამოც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება შიშსა და იზოლაციაში.
გუშინ თბილისში კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს გაუსწორდნენ არაადამიანური გამეტებით. მას გაუჩეჩქვეს თავი და გამოჭრეს ყელი. იგი მხოლოდ 32 წლისაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერ ქალს განსაკუთრებული, არაადამიანური სისასტიკით უსწორდებიან და სახეზე გვაქვს სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის ყველა ნიშანი. თუ ამჯერადაც მოძალადეები არ დაისჯებიან კანონის სრული ძალით, ისეთივე ძალით, როგორითაც ისინი დანაშაულს ჩადიან, ამით სახელმწიფო მხოლოდ ერთ გზავნილს გაუშვებს ყველა პოტენციურ მოძალადესთან - რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობა შეიძლება.
ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოების სრული სპექტრის ვალდებულებაა გავერთიანდეთ იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, ვისი უფლებების დაცვაც სახელმწიფოს არ მიაჩნია პრიორიტეტულად. სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ ისე, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა არ იყოს მისი ტრაგედიის მიზეზი. ჩვენი ვალდებულებაა დავდგეთ იმათ გვერდზე, ვინც მარტოა და ამის გამო ადვილი სამიზნეა”, - აღნიშნულია განცხადებაში.