2010 წელს „ნაცმოძრაობამ“ დაამახინჯა კონსტიტუცია, ახლა თუ გააკეთილშობილებ ამ დოკუმენტს, თორემ გაუარესებისკენ ვერ წაიყვან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციის იმ განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად არის ატეხილი, რეალურად „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური უმრავლესობა აქვს.
„გასული 4 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი უმრავლესობის ბოროტად გამოყენებას, იგივე ეხება საკონსტიტუციოსაც. თავის დროზე, 2010 წელს „ნაცმოძრაობამ“ დაამახინჯა კონსტიტუცია, ახლა თუ გააკეთილშობილებ ამ დოკუმენტს, თორემ გაუარესებისკენ ვერ წაიყვან. ამ დოკუმენტის დახვეწა არის ერთადერთი მიზანი, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.